ზუგდიდელი ახალგაზრდები პოლიციის თანამშრომლებს ცემაში ადანაშაულებენ

ზუგდიდში მცხოვრები დიმა გვასალია და ჭაბუკა ჭაფანძე პოლიციის თანამშრომლებს აკაკი კიტიას და ვინმე სანაიას მათზე ფიზიკურ ანგარიშსწორებაში ადანაშაულებენ. გვასალიას თქმით, ჭაფანძესთან ერთად წუხელ გვაინ ღამით აფთიაქში წამლის საყიდლად წავიდა, აფთიაქიდან გამოსვლის შემდეგ კი სამართალდამცველები მივიდნენ და სცემეს, რის შემდეგაც პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს. დღეს კი სასამართლომ ორივე მათგანი დღეს 250-250 ლარიანი ჯარიმის სანაცვლოდ გაათავისუფლა.

“დაგვიძახეს, რას აკეთებთ ბიჭოო, არ ვიცით რა უნდოდათ. მივედით და უმოწყალოდ გვცემეს, მუხლებს, ქუსლებს გვირტყამდნენ, გონებაც დდავკარგე. მერე სამმართველოში გადაგვიყვანეს და იქაც გვცემეს. დღეს სასამართლომ ხულიგნობის მუხლით გაგვასამართლა, არადა, მართლა არაფერი დაგვიშავებია”, – აცხადებს გვასალია.

ახალგაზრდებმა ზუგდიდის საავადმყოფოსაც მიმართეს.

“ჩემი შვილი სასტიკად არის ნაცემი. “ცე ჰეპატიტი” აქვს, ისედაც წამლებზე ზის, შეიძლება, ასე უმოწყალოდ სცემო უდანაშაულო ადამიანი? მოვითხოვთ ამ პოლიციელების უმკაცრესად დასჯას”, – აღნიშნა ჭაბუკა ჭაფანძის დედამ ნონა ჭაფანძემ, რომლის განმარტებით, შსს-ს გენ.ინსპექციას უკვე მიმართა.

“Newsportal.ge” შსს-ს პრესსამსახურს დაუკავშირდა, სადაც განუმარტეს, რომ მომხდართან დაკავშირებით უწყება ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებს.

კომენტარები

დატოვე კომენტარი