ზუგდიდის მერი ქალაქში ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნო

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი შენგელიამ მრავალბინიანი ეზოების კეთილმწოყობისა და ილია ჭავჭავაძის ქუჩაზე ვეტერანთა ხეივნის მოწყობის სამუშაოები დაათვალიერა. როგორც გიორგი შენგელიამ აღნიშნა, მნიშვნელოვანია პროექტების დროულად და ხარიასხიანად შესრულება. სამუშაოების მიმდინარეობას კი პერიოდულად გაეცნობა.

ამ ეტაპზე, მიმდინარეობს თამარ მეფის ქუჩაზე №27, №28, №29, №30, №32 და №33-ში მდებარე მრავალბინიანი კორპუსების ეზოების კეთილმოწყობა. კეთილმოეწყობა ქალაქ ზუგდიდში თაბუკაშვილის ქ, N3-ში, გამსახურდიას ქ. N213-ში, გამსახურდიას ქ. N215-ში, სოხუმის ქ. N73-ში, თამარ მეფის ქ. N35-ში, შალვა ქირიას ქ. N3-ში მდებარე მრავალბინიანი კორპუსების ეზოები. პროექტი ითვალისწინებს ბეტონის ბორდიურების, გაზონებისა და ელ. განათების მოწყობას დეკორატიული ჭაღის ტიპის სანათებისგან, საშუალომარცვლოვანი ბეტონის საფარისა და კორპუსების ირგვლივ ბეტონის სარინელის მოწყობას, აგრეთვე დაგეგმილია წყალსაწრეტი სისტემის მოწყობა და საკანალიზაციო სისტემის რეაბილიტაცია. სამუშაოების ღირებულება 1 302 928 ლარია.

ილია ჭავჭავაძის ქუჩაზე ვეტერანთა ხეივნის მოწყობის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. მოეწყობა სკვერი, საფეხმავლო ბილიკი, გარე განათება, გამწვანება, ბორდიურები და ველო ბილიკი.

პროექტს საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდი ახორციელებს და მისი ღირებულება 250, 049.97 ლარია. წელს ზუგდიდში 50 მილიონი ლარის ღირებულების ინფრასტრუქტურული პროექტები ხორციელდება.

კომენტარები

დატოვე კომენტარი