ზუგდიდის სასამართლომ ზვიად ლაგვილავას გარდაცვალების საქმეზე გადაწყვეტილება მიიღო

ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში სუს-ის აფხაზეთის სამმართველოს თანამშრომლის ზვიად ლაგვილავას გარდაცვალების საქმის განხილვა დასრულდა.

მოსამართლე დავით გელაშვილმა განაჩენი დღეს გამოაცხადა.

სასამართლომ ამავე უწყების მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის ყოფილი მთავარი სპეციალისტი დემუშა ბარამია სსკ-ის 170-ე მუხლის მეორე ნაწილში დამნაშავედ სცნო, რაც შრომის დაცვის წესის (უსაფრთხოების ტექნიკის ან სხვა წესის) დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

როგორც “Newsportal.ge”-ს ზუგდიდის რაიონული სასამართლოდან აცნობეს, ბრალდებულს თავისუფლების 3 წლითა და 6 თვით აღკვეთა მიესაჯა. დემუშა ბარამიას პატიმრობის ვადის ამოუწრვის შემდეგ სამი წლით სახელმწიფო სამსახურში, ასევე ადგილობრივი თვითმმართელობის ორგანოებში დანიშვნითი თანამდებობის დაკავების უფლებაც ჩამოერთვა.

გარდაცვლილის ოჯახი კი ბარამიას კვლავ უდანაშაულოდ მიიჩნევს და აცხადებს, რომ “ზვიად ლაგვილავა მიზანმიმართულად მოკლეს, რადგან აფხაზეთიდან კონტრაბანდის გადმოტანის თაობაზე მნიშვნელოვან ინფორმაციას ფლობდა.

“განტევების ვაცი!!! მკვლელობა გაასაღეს უბედურ შემთხვევად!!!რა დროც არ უნდა დაჭირდეს ამ საქმეს დღეს თუ არა ხვალ ონისე კვაშილავას მაინც მოუწევს პასუხისგება ამ დანაშაულზე!!! პასუხს აგებენ მისი მფარველებიც!!! დროის საკითხია ეს ყველაფერი!!! არავის არ შეგრჩებათ ზვიადის მკვლელობა!!! ძალიან მალე დავიწყებ ხელმოწერების შეგროვებას ზუგდიდში მოთხოვნით დაისაჯოს მკვლელი კვაშილავა და მისი მფარველები!!!ვხედავ აზრი არ აქვს არც გამოძიებას და არც სასამართლოს!!! ძალიან ცდებით თუ გგონიათ რომ გაჩუმებულები ვართ!!! ველოდებოდი სასამართლო რას იზამდა!!! არ მოგასვენებთ!!!”, – წერს “Facebook”-ის საკუთარ გვერდზე ლაგვილავას მეუღლე ცირა მალანია.

შეგახსენებთ, რომ პროკურატურის მიერ გავრცელებული ოფიციალური ინფორმაციით, ზვიად ლაგვილავა 2014 წლის 27 ოქტომბერს ზუგდიდში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის აფხაზეთის სამმართველოს შენობაში მომხდარ აფეთქებას ემსხვერპლა. იმავე ვერსიით, გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ შენობის სააბაზანოში ტექნიკურმა პერსონალმა წყლის გამაცხელებელი ავზი დაამონტაჟა, თუმცა ავზი ამორტიზირებული იყო და წყლის ტემპერატურის მარეგულირებელი (თერმოსტატი) არ ფუნქციონირებდა, რაც აფეთქების საფრთხეს წარმოადგენდა.

კომენტარები

დატოვე კომენტარი