ზუგდიდის სასამართლოსთან ბრალდებულმა ოდენა ბარამიამ პირი ამოიკერა

ზუგდიდის რაიონის სოფელ დარჩელში მცხოვრებმა ოდენა ბარამიამ პირი ამოიკერა. როგორც “newsportal.ge”-თან საუბრისას ბარამია განმარტავს, რომ რამდენიმე თვის წინ პოლიციასთან დაპირისპირება მოუვიდა. მისი თქმით, პოლიციელებმა ედიკ სიჭინავამ და ბესიკ გოროზიანმა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, რაზეც სამართალდამცველებს უჩივლა, თუმცა ახლა საქმე შემოუბრუნეს და ცრუ დასმენას ედავებიან.

”რამდენიმე თვის წინ მომივიდა პოლიციასთან დაპირისპირება. ჩემი ავტომობილით ვმოძრაობდი, რა დროსაც ავტომობილი გაჩერდა და დახმარება იქვე მდგომ პოლიციელებს ვთხოვე. მათ ბუქსირი ჩამიბეს, თუმცა ეს ბუქსირი გაწყდა, რაზეც ერთ-ერთმა პოლიციელმა ედიკ სიჭინავამ შემაგინა. მე რა თქმა უნდა, პასუხი დავუბრუნე, რის შემდეგაც დამადეს ბორკილები და წამიყვანეს სოფელ ნოსირის სამმართველოში. გზადაგზა მცემდნენ. ჩემს ცემაში მონაწილეობდა ედიკ სიჭინავასთან ერთად ბესიკ გოროზიანი. ლავიწის ძვალიც მომტეხეს. ჩემი დაკავებისას იყო მთელი რიგი დარღვევები. მე უკანონოდ დამაკავეს და ფიზიკური შეურაცხყოფა მომაყენეს, რის გამოც ამ პოლიციელებს ვუჩივლე და სასამართლო პროცესი მოვიგე, თუმცა 7 თვის შემდეგ საქმე შემომიბრუნეს და ახლა ცრუ დასმენის გამო მიჩივიან. ამ ადამიანებს ვიღაც მფარველობს. მე უდანაშაულო ვარ და სწორედ ამიტომ ამოვიკერე პირი. სიცოცხლის ბოლო წუთამდე ვიზრუნებ ჩემი სიმართლის დასამტკიცებლად”, – აცხადებს ოდენა ბარამია, რომელიც ამჟამად შიმშილობს.

ამ წუთებში, ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში ოდენა ბარამიას საქმეზე სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

კომენტარები

დატოვე კომენტარი