საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ ზუგდიდში 47 დევნილ ოჯახს საცხოვრებელი ბინა გადასცა. დევნილ ოჯახებს ახალი ბინების გასაღებები დევნილთა და განსახლების მინისტრის პირველმა მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ, ზუგდიდის მერმა ირაკლი გოგოხიამ და ქალაქის მაჟორიტარმა მერაბ ქვარაიამ გადასცეს.
დემურიას ქუჩაზე, ადმინისტრაციული დანიშნულების შენობაში დევნილი ოჯახები წლების განმავლობაში უმძიმეს პირობებში ცხოვრობდნენ. შენობა კერძო საკუთრებას წარმოადგენდა და დევნილთა და განსახლების სამინისტრომ მესაკუთრეებისგან 300 000 ლარად გამოისყიდა. სამინისტროს გადაწყვეტილებით, ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ შპს „თი ემ“-მა ობიექტის სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაატარა, რომლის ღირებულებამ 1 711 630 ლარი შეადგინა. რეაბილიტაციის პერიოდში სამინისტრო აღნიშნულ ოჯახებს ქირის თანხით უზრუნველყოფდა. დარჩენილი 15 ბინა კი გრძელვადიანი განსახლების კრიტერიუმების შესაბამისად განაწილდა. დემურიას ქუჩაზე არსებული 47 ბინიდან 14-ერთოთახიანია, 27-ოროთახიანი და 6-სამოთახიანი.
დევნილთა სამინისტროს ინფორმაციით, 2012 წლიდან დღემდე, სამეგრელოს რეგიონში რეაბილიტირებულ შენობებში საცხოვრებელი ფართი გადაეცა 343 დევნილ ოჯახს, ხოლო ახალაშენებულ კორპუსებში ბინის მფლობელი 600 დევნილი ოჯახი გახდა. „სოფლად სახლის“ პროექტის ფარგლებში, სამინისტრომ სამეგრელოს რეგიონში სახლი შეუსყიდა 400-ზე მეტ დევნილ ოჯახს. ზუგდიდში ბარამიას ქუჩაზე უახლოეს მომავალში 2 კორპუსის მშენებლობა დასრულდება, სადაც ბინას 144 დევნილი ოჯახი მიიღებს. გარდა ამისა, მიმდინარეობს 4 კორპუსის მშენებლობა 288 დევნილი ოჯახისთვის.