ზუგდიდში ბინის მიღების მოთხოვნით დევნილი ოჯახების განაცხადებების მიღება იწყება

ზუგდიდში, ახალაშენებულ კორპუსებში ბინის მიღების მოთხოვნით, დევნილი ოჯახების განაცხადების შევსება იწყება.

ამის შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მთავრობას აღნიშნულ საკითხთან დაკავშიღებით წელს ორი სიახლე აქვს: 1. იწყება ვეტერანი დევნილების განაცხადების მიღების პროცესი, რომლებსაც 180 ბინა თბილისში, ქუთაისსა და ზუგდიდში დაჩქარებული წესით გადაეცემათ; 2. ზუგდიდში უახლოეს პერიოდში დევინლებზე, კონკურსის წესით, 300 ბინა გადანაწილდება.

„უახლოეს პერიოდში თბილისში 800-ზე მეტი ბინა განაწილდება, მასშტაბური მშენებლობები მიმდინარეობს ქუთაისსა და ზუგდიდში, 1000-მდე მშენებარე ბინაა ზუგდიდში, ხოლო ქუთაისში – 800 ბინამდე. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლებში ათასობით ოჯახი განსახლდა, კვლავ რჩებიან ვეტერნები, რომელთაც არ აქვთ განსახლება მიღებული. ამ პროცესის დაჩქარების მიზნით პრემიერ-მინისტრმა დააანონსა ახალი პროგრამა, რაც გულისხმობს, რომ იმ დევნილი ვეტერანი ოჯახებისთვის, რომელთაც თავიანთი სიცოცხლე და ჯანმრთელობა შესწირეს სამშობლოსთვის, განაწილების ყოველ ეტაპზე ბინების ცალკე რაოდენობა იქნება და ისინი ბინებს დაჩქარებული წესით მიიღებენ. ამ ეტაპზე 180 ბინაა, რომელიც გადაეცემათ თბილისში, ზუგდიდსა და ქუთაისში. მეორე სიახლეა, რომ უახლოეს მომავალში შეგვეძლება, გავანაწილოთ 300 ბინა ზუგდიდში, სადაც 360 ბინა დასრულების ეტაპზეა. ვინაიდან ცალკე კვოტა გვაქვს ვეტერნებისთვის, ანუ 60 ბინა, 300 ბინა კონკურსის წესით, ქულების გათვალისწინებით გადანაწილდება და იძულებით გადაადგილებულ ოჯახს გადაეცემა. პარალელურად, დევნილთა საცხოვრებელი 12-მდე ავარიული შენობა დაიხურება. ორივე შემთხვევაში განაცხადების მიღება 2019 წლის 2 სექტემბერს დაიწყება და 2 ოქტომბრამდე გაგრძელდება. იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს განაცხადის შევსება, საქართველოს მასშტაბით, არსებულ იუსტიციის სახლებში შეუძლიათ“, – განაცხადა გიორგაძემ.

კომენტარები

დატოვე კომენტარი