ზუგდიდში ევროპული სტანდარტების რეგიონული ნაგავსაყრელი აშენდება


სამეგრელო-ზემო სვანეთში ახალი, ევროპული სტანდარტების სანიტარული ნაგავსაყრელი აშენდება. წინასწარი პროექტი მხარის გუბერნატორს და ადგილობრივ მთავრობას მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის დირექტორმა წარუდგინა.

სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის პრესსამსახურის ინფორმაციით, ახალი ნაგავსაყრელი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ცაცხვში აშნდება და პროექტის სავარაუდო ღირებულება 15 მილიონი ევრო იქნება.

ახალი რეგიონული ნაგავსაყრელის მშენებლობას გერმანიის განვითარების ბანკი აფინანსებს.

მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის დირექტორის გიორგი შუხოშვილის განცხადებით, პროექტის მომზადებაში საერთაშორისო ექსპერტები ჩაერთვებიან, ნაგავსაყრელი ეკოლოგიურად დაცული იქნება და მის ასაშენებლად საერთაშორის ტენდერი გამოცხადდება.

სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი რეგიონული ნაგავსაყრელის პროექტს დროულს უწოდებს და ვაცხადებს, რომ ნაგავსაყრელის მშენებლობის და ოპერირების პროცესში ადგილობრივი მოსახლეობა დასაქმდება. გუბერნატორისვე განმარტებით, ნაგავსაყრელის მიმდებარედ მოეწყობა გამწვანების ზოლი.

„პროექტის განხორციელების შემდეგ რეგიონში არსებული ნაგავსაყრელი პოლიგონები დაიხურება და მხოლოდ ერთი ახალი რეგიონული ნაგავსაყრელი იმუშავებს. რეგიონში უკვე დახურულია ხუთი ნაგავსაყრელი, ერთის დახურვა საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტების შესაბამისად წელს მოხდება.

ახალ ნაგავსაყრელზე ასევე დაგეგმილია გაზის შემკრების სისტემის მოწყობა, რომელსაც მოსახლეობა სათბურებისთვის გამოიყენებს. ნაგავსაყრელზე მოეწყობა წყლის შეგროვებისა და გაფილტვრის სისტემა, ეწ რევერსული ორმოები“ – ნათქვამია სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის პრესსამსახურის მიერ დღეს გავრცელებულ განცახდებაში.

კომენტარები

დატოვე კომენტარი