ზუგდიდში „ფიზიკური აღზრდისა და სპორტის შესახებ“ კანონპროექტის განხილვა გაიმართა

ზუგდიდის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში, საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის ინიციატივით, „ფიზიკური აღზრდისა და სპორტის შესახებ“ კანონის პროექტის საჯარო განხილვა გაიმართა. ღონისძიებას კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ ყაველაშვილი, პარლამენტის წევრები, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს და სამეგრელოს რეგიონის თვითმმართველობის წარმომადგენლები გაუძღვნენ.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, საჯარო განხილვები ემსახურება საზოგადოების წარმომადგენელებისაგან მოსაზრებებისა და რეკომენდაციების მიღებას კანონის პროექტის შემდგომი სრულყოფის მიზნით.   პროექტი მიზნად ისახავს მოსახლეობის ფიზიკური აქტივობისა და სპორტის საყოველთაო ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას. კანონის პროექტი ემსახურება სპორტის წინაშე არსებულ გამოწვევებზე სათანადო რეაგირებას, მათ შორის ისეთი მიმართულებებით, როგორიცაა სასპორტო განათლება და საკადრო უზრუნველყოფა, თანამშრომლობა სპორტულ ორგანიზაციებთან, ინფრასტრუქტურის განვითარება და მისი მართვა, სპორტული მედიცინა და სხვა. პარლამენტისთვის კანონის პროექტის წარდგენა დაგეგმილია 2018 წლის ბოლომდე.

საჯარო განხილვაში სიტყვითა გამოვიდა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი, ლაშა გოგია, რომელმაც სპორტის სფეროში გასატარებელ რეფორმებსა და ინიციატივებზე ისაუბრა, მერმა ასევე ყურადღება გაამახვილა ზუგდიდში სპორტის დარგში მიღწეულ შედეგებზე და სამომავლო გეგმებზე.

 შეხვედრას, მოქალაქეებთან ერთად, სპორტის სფეროს წარმომადგენლები, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ადმინისტრაციის თანამშრომლები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

საჯარო განხილვები ეწყობა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან მჭიდრო თანამშრომლობით. ღონისძიებების მხარდამჭერია ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI), ღონისძიებების ფინანსური მხარდამჭერია დიდი ბრიტანეთის მთავრობა (UKaid).

კომენტარები

დატოვე კომენტარი