რამდენიმე საათის წინ ზუგდიდში ქალაქ ზუგდიდის საკრებულოს აპარატის უფროსი გრიგოლ მიქავა დააკავეს, რომელიც საპატრულო პოლიციის საექსპერტო-კრიმინალისტიკურ დეპარტამენტში ნარკოლოგიურ შემოწმებაზე გადაიყვანეს. დაკავების ზუსტი მიზეზი ამ დროისთვის უცნობია, რადგან ოფიციალური უწყებები ამ დრომდე კომენტარს არ აკეთებენ, თუმცა წინასწარი ინფორმაციით, საქმე სწორედ ნარკოტიკებს უკავშირდება. მიქავამ დეპარტამენტის შენობა ცოტახნის წინ დატოვა და ის პოლიციის ერთ-ერთ ავტომობილში ამ დრომდე რჩება. უცნობია, კონკრეტულად რას ედავებიან მას.
დღესვე გავრცელდა ინფორმაცია, რომ მიქავას თანამდებობა უკვე დაატოვებინეს.
პოლიციამ ასევე დააკავა ზუგდიდელი ლევან ხვიტია, რომელიც ასევე ნარკოლოგიურ შემოწმებაზე გადაიყვანეს და როგორც მისმა ადვოკატმა გონელი მარღანიამ განმარტა, მას მარიხუანას მოხმარების ფაქტი დაუდგინდა.
მარღანიას თქმით, ხვიტიას სახლიდან ჩხრეკის დროს გარკვეული ნივთიერება ამოიღეს, რომელსაც ექსპერტიზა შეისწავლის და ის ექსპერტიზის დასრულებამდე პატიმრობაში რჩება. დაკავებულს გამოზიება სსკ-ის 260-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას ედავება, რაც ნარკოტიკულინივთიერებების შეძენა-შენახვას გულისხმობს.
ამასთან, ადვოკატი აცხადებს, რომ ხვიტიას დაკავებას მიქავას დაკავებასთან არანაირი კავშირი არ აქვს.
მიქავას და ხვიტიას დაკავების დროს საპატრულო პოლიციის შენობასთან იმყოფებოდნენ საკრებულოს აპარატის თანამშრომლები და “ქართული ოცნების” ახალგაზრდული ფრთის წევრები, რომელთაც კომენტარი არ გაუკეთებიათ.