ზურაბ ალავიძე მუნიციპალიტეტების გაერთიანებაზე ახალ განცხადებას აკეთებს

რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე მუნიციპალიტეტების გაერთიანებაზე ახალ განცხადებას აკეთებს, მინისტრის განცხადებით სამინისტროს, მიმდინარე თვეს გამოკვეთილი პოზიცია ექნება თემასთან დაკავშირებით.
“მთავრობაზე გავიტანთ და შესაბამისად, მოსახლეობასაც გავუზიარებთ ჩვენს მოსაზრებებს”, – ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ზურაბ ალავიძემ განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, იქნება საკმაოდ საინტერესო წინადადებები, თუმცა მინისტრს დეტალები არ დაუკონკრეტებია.

„თვითმმართველი ქალაქები გავაუქმოთ თუ არა, იქნება ბოლო საკითხი, მანამდე საინტერესო წინადადებები გვექნება, როგორ განვავითაროთ დემოკრატია, როგორ დავხვეწოთ თვითმმართველობების ცხოვრება, როგორ გავაუმჯობესოთ, როგორ გავზარდოთ იქ კადრები და ა.შ.”, – განაცხადა ალავიძემ.

როგორც ზურაბ ალავიძემ აღნიშნა, 2014 წელს გატარებული რეფორმის შედეგად მივიღეთ მეტი დემოკრატია, თავისუფლება, დამოუკიდებლობა, არჩევითობა, „ამას არავინ ეხება და ამის რევიზიას არავინ აპირებს, ეს კარგი რეფორმა იყო და ამ მიმართულებით ჩვენ წინ წავედით”.

მისივე თქმით, იმდენად კომპლექსურია ეს ნაწილი, ყველაფერი უნდა განვიხილოთ ერთად და გადავწყვიტოთ შემდეგ, გავაუქმოთ თუ არა თვითმმართველი ერთეულები.

„რაღაცას რომ ვაკეთებთ, ასივე პროცენტით გამართლებული და იდეალური არაფერი არ არის. ყოველდღიურ ცხოვრებაშიც გვაქვს რაღაც ხარვეზები, უნდა გამოვასწოროთ და წინ წავიდეთ”, – განაცხადა ინფრასტრუქტურის მინისტრმა.

კომენტარები

დატოვე კომენტარი