ზუგდიდში სასმელ წყალში სავარაუდოდ კანალიზაციის წყლის მოხვედრის გამო რამდენიმე ადამიანი მოიწამლა

ზუგდიდში, თეთრი გიორგის ქუჩაზე მიმდინარე სამუშაოებისას კანალიზაციის მილი გასკდა და სავარაუდოდ, ფეკალური მასა სასმელი წყლის ჭაში ჩაიღვარა. შედეგად, მოწამლულია რამდენიმე ადამიანი, მათ შორის მცირეწლოვანი ბავშვი.

დაზარალებულები ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ექიმების თქმით, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. რაც შეეხება მცირეწლოვანს, ის ქუთაისის ბავშვთა საავადმყოფოშია გადაყვანილი.

ზუგდიდის მერიის ინფორმაციით, იმ უბანს, სადაც მოსახლეობა, სავარაუდოდ, სასმელი წყლით მოიწამლა, ლაბორატორიულ შემოწმებამდე სასმელი წყლით მოამარაგებენ.

შსს-მ გამოძიება სსკ 188-ე მუხლით დაიწყო, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას, ან განადგურებას გულისხმობს გაუფრთხილებლობით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

კომენტარები

დატოვე კომენტარი