ზუგდიდში სოციალურად დაუცველ 2 ოჯახს ახალი სახლები გადაეცა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, მძიმე საყოფაცხოვრებო პირობების მქონე 2 ოჯახს ახალი საცხოვრებელი სახლები გადაეცა. მერიის ინფორმაციით, მიმდინარე წელს, ახალ სახლებს ჯამში 25 ოჯახი მიიღებს.

თანამედროვე სტანდარტებით აშენებული სამოთახიანი სახლები, დღეს, კოკსა და ორსანტიაში კლარა ქალდანისა და ბადურ ჩარკვიანის 5 სულიან ოჯახებს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ გიორგი შენგელიამ გადასცა.

ახალ მოსახლეთა შორის სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანები, შშმ პირები, მარტოხელა დედები, მარჩენალდაკარგულები და ხანდაზმულები არიან. ახალ სახლებში მცხოვრებთა რაოდენობა ჯამში 121 ადამიანია, მათგან 8 შშმ პირი, 4 მრავალშვილიანი, 3 მარჩენალდაკარგული და 53 ბავშვია.

პრიორიტეტული ოჯახები მერიამ ანკეტირების საფუძველზე შეარჩია. კომისიის შემადგენლობაში მუნიციპალიტეტის მერიის, საკრებულოსა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები შედიან.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში 2015 წლიდან დღემდე 91 სახლი აშენდა. სახლების მშენებლობისთვის 600 000 ლარი დაიხარჯა.

ზუგდიდის მერიას 2015 წელს, სპეციალური ჯილდო, სწორედ ამ პროექტის განხორციელებისთვის გადაეცა.

 

კომენტარები

დატოვე კომენტარი