17 წლის სენაკელი გიორგი ჩხიკვაძე ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი გახდა

“არგენტინაში, ბუენოს აირესში ისტორიული ამბავი მოხდა”, – წერს “საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი”, რომლის ინფორმაციით, 17 წლის ქართველი ფალავანი გიორგი ჩხიკვაძე (60 კგ) ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი გახდა.

ეს არის პირველი შემთხვევა, როცა ჩვენი ქვეყნის სპორტსმენმა ახალგაზრდული ოლიმპიადის ოქროს მედლის მოპოვება შეძლო.

ჩხიკვაძემ არგენტინაში სულ სამი ბრძოლა გამართა: პირველ წრეში ქულებით აჯობა ძლიერ სომეხ მეტოქეს საჰაკ ივანესიანს, მეორეში წმინდად მოუგო ალჟირელ აჰმედ მერიხის, ფინალში კი ვადაზე ადრე დაამარცხა ყირგიზი ელმირბეკ სადიროვი.

საქართველოს ოლიმპიური დელეგაციას ოლიმპიადის სტარტიდან ექვსი დღის შემდეგ აქტივში 5 მედალი აქვს – 1 ოქრო, 3 ვერცხლი და 1 ბრინჯაო.

“ეს ძალიან კარგი შედეგია და აღემატება წინა ორ ოლიმპიადაზე აღებული მედლების ჯამს. რაც მთავარია, ჩვენ უკვე გვყავს ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი და მინდა ეს გამარჯვება მივულოცო თავად გიორგი ჩხიკვაძეს, მის მწვრთნელებს, ჭიდაობის ფედერაციას, ქართული სპორტის ყველა გულშემატკივარს. მე ხშირად ვამბობდი, რომ ბუენოს აირესში აუცილებლად ავიღებდით ოქროს მედალს და, როგორც ხედავთ, ჩემი პროგნოზი გამართლდა,“- აცხადებს “საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის” პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი.

კომენტარები

დატოვე კომენტარი