დღეის მდგომარეობით საქართველოს 3.5 მილიონზე მეტი ამომრჩეველი ჰყავს

იუსტიციის სამინისტროს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარემ სოსო გიორგაძემ ცესკოში გამართულ შეხვედრაზე ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანიას მიმდინარე წლის 12 ოქტომბრის მდგომარეობით არსებული პოტენციური ამომრჩევლების მონაცემთა ბაზა გადასცა.

უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ, რომ “პოტენციური ამომრჩევლების მონაცემთა სია სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ  ბოლო ხუთი წლის განმავლობაში განხორციელებული ინტენსიური მუშაობის შედეგად დაზუსტდა და დაიხვეწა”.

“სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ ცესკოსთვის გადაცემულ სიაში 3 558 437  პოტენციური ამომრჩეველია. აღნიშნულ სიაში არიან, როგორც საქართველოში, მათ შორის, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები, ასევე, საზღვარგარეთ საცხოვრებლად წასული საქართველოს  სრულწლოვანი  მოქალაქეები.

“სააგენტოს მონაცემთა ბაზის სრულყოფისთვის, 2013-2018 წლებში საქართველოს მოქალაქეთა გარდაცვალების ფაქტების გამოვლენის მიზნით ჩატარებული სამუშაოების შედეგად, საარჩევნო სიიდან 8000-მდე გარდაცვლილი პირის მონაცემია ამოღებული”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

დატოვე კომენტარი