სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ლევან შონია რეგიონის მერებს და საკრებულოს თავმჯდომარეებს შეხვდა. სამუშაო შეხვედრაზე, დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებსა და არსებულის მიმდინარეობაზე ისაუბრეს. 2018 წელს, რეგიონში განსახორციელებელი პროექტები ფონდიდან დასრულებული და მიმდინარე პროექტების რაოდენობა ამ ეტაპზე 68-ს შეადგენს, უახლოეს პერიოდში კი პროექტების რიცხვი გაიზრდება.
გუბერნატორთან გამართულ შეხვედრაზე, ასევე ისაუბრეს ფაროსანასთან დაკავშირებით არსებულ ვითარებაზე. მერების ინფორმაციით ფაროსანასთან ბრძოლის სამუშაოები ეფექტურად მიმდინარეობს.
“დღეს პირადად ვიმყოფებოდი ფაროსანასთან ბრძოლის საკოორდინაციო შტაბში, სადაც დეტალურად გავეცანი შედეგებს, გვაქვს ძალიან კარგი შედეგები და მაქსიმუმს აკეთებს სურსათის ეროვნული სააგენტო, მინდა მადლობა გადავუხადო მათ ამისთვის. მათი თავდაუზოგავი მუშაობის შედეგად მავნებლის პოპულაცია მნიშვნელოვნად შემცირებულია და ფაროსანასგან მიყენებული ზარალი არის მინიმუმადე დაყვანილი, ეს არის კოორდინირებულად მუშაობის კარგი შედეგი” – განაცხადა შეხვედრაზე გუბერნატორმა.
ლევან შონიამ რეგიონის მერებთან და საკრებულოს თავმჯდომარეებთან გამართულ შეხვედრაზე რეგიონებში დაგეგმილი ახალგაზრდული, კულტურული, სპორტული და გასართობი ღონისძიებები განიხილა.
ლევან შონიას განცხადებით კულტურული და გასართობი ღონისძიებებით რეგიონი წელს ყველაზე მეტად დატვირთულია.
“იმართება ძალიან ბევრი ფესტივალები, კონცერტები, სხვადსხვა კულტურული და გასართობი ღონისძიებები, წარმატებით ჩატარდა ფესტივალი “გზა ერთობისკენ – რუხი 2018”, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი იყო, როგორც ჩვენთვის ასევე ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ჩვენი დებისა და ძმებისთვის. რეგიონის კულტურული და გასართობი ღონისძიებების კალენდარი საკმაოდ წარმომადგენლობითია. ჩვენ ვეცადეთ მთელი ზაფხული და სექტემბერი მაქსიმალურად დატვირთული ყოფილიყო მსგავსი ღონისძიებებით, რაც შეიძლება ითქვას, რომ წარმატებით მიმდინარეობს. 23-26 აგვისტოს კი ანაკლია ახალ მუსიკალურ ფესტივალს უმასპინძლებს, სადაც ძალიან ბევრ ტურისტს ველოდებით, ამიტომაც მაქსიმალური მობილიზება გვჭირდება” – განაცხადა შეხვედრაზე გუბერნატორმა.