მესტიის მუნიციპალიტეტში, მულახის თემში ილიკო გაბლიანის სახელობის სპორტსკოლის სარეკონსტრუქციო-სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს,– ამის შესახებ ინფორმაციას ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელბს.
სამინისტროს ცნობით, მულახის თემში (რომელშიც 11 სოფელი შედის და ჯამში 1000-ზე მეტი ადამიანი ცხოვრობს) სპორტის სხვადასხვა სახეობით 100-ზე მეტი ბავშვია დაკავებული.
ერთსართულიანი შენობა რომელშიც ისინი ვარჯიშობენ (ყოფილი ფერმის შენობა), სრულიად ამორტიზებულია და არ აკმაყოფილებს სპორტსკოლისათვის აუცილებელ მოთხოვნებს. პროექტი ითვალისწინებს, ძველი შენობის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად რეაბილიტაციას, სავარჯიშო-საცოცი კედლის, აუზისა და საჭიდაო დარბაზის მოწყობას და შენობის საჭირო ინვენტარით აღჭურვას.
როგორც სამინისტროდან იუწყებიან, განახლებულ სპორტსკოლაში შესაძლებელი იქნება პროფესიონალური და სამოყვარულო სპორტული ღონისძიებების ჩატარება, სპორტის სხვადასხვა სახეობაში, როგორც ეროვნულ, ისე საერთაშორისო დონეზე, რაც ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას შეუწყობს ხელს.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის დირექტორი, ჯუანშერ ბურჭულაძე მულახის თემში იმყოფებოდა, რომელმაც სპორტსკოლის სარეკონსტრუქციო-სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა.