ანაკლიის პორტამდე საავტომობილო მაგისტრალი იქნება

მთავრობამ ანაკლიის პორტთან მისასვლელი გზის მშენებლობისთვის მზადება დაიწყო. ასევე განიხილება სამტრედია-ზუგდიდის შემოვლითი – ანაკლიის პორტამდე გზის ჩათვლით, მაგისტრალის მშენებლობა, რაც აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალის გაუმჯობესების მეოთხე პროექტის ფარგლებში განხორციელდება.

ახალი გზის მშენებლობისთვის წინასწარი ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების და ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების მომზადებისთვის ინტერესთან გამოხატვა უკვე გამოცხადებულია.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, დავალება შედგება ორი თანმიმდევრული, თუმცა დამოუკიდებელი ეტაპებისგან. გადაწყვეტილება მეორე ეტაპის განხორციელების შესახებ იქნება მიღებული პირველი ეტაპის შედეგების შესაბამისად.

შერჩევის საკვალიფიკაციო კრიტერიუმებია: ზოგადი გამოცდილება საგზაო ინფრასტრუქტურულ პროექტებში  და მსგავსი გამოცდილება: ავტომაგისტრალის მშენებლობისთვის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების მომზადება ევროპული სტანდარტების შესაბამისად უკანასკნელი 5 წლის განვალობაში (დაწყებული 2011 წლის იანვრიდან);

აღსანიშნავია, რომ ანაკლიის პორტამდე განიხილება სარკინიგზო მაგისტრალის აშენებაც. არსებული გათვლებით, საქართველოს მთავრობა დამატებით 110 მილიონი დოლარის ინვესტიციას განახორციელებს  სარკინიგზო და საგზაო კომუნიკაციების განვითარებაში.

კომენტარები

დატოვე კომენტარი