სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს

შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად პოლიციის ვიცე-პოლკოვნიკი ნიკოლოზ დიასამიძე, მის მოადგილედ კი პოლიციის პოლკოვნიკი ირაკლი ჯიქია დანიშნა.

ნიკოლოზ დიასამიძე შინაგან საქმეთა სამინისტროში 2005 წლიდან სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობს. 2006-2009 წლებში იგი თბილისის მთავარი სამმართველოს ვაკე-საბურთალოს სამმართველოში დეტექტივ-გამომძიებელი იყო. 2009 წლიდან 2012 წლამდე თბილისის მთავარი სამმართველოს გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს დეტექტივების განყოფილებაში დეტექტივ-გამომძიებელად მუშაობდა, ხოლო 2013 წლიდან 2014 წლამდე თბილისის მთავარი სამმართველოს გლდანი ნაძალადევის სამმართველოს პოლიციის მე-6 განყოფილების უფროსი იყო. ნიკოლოზ დიასამიძემ 2014 წლიდან მუშაობა იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტში განაგრძო, სადაც წლების განმავლობაში სხვადასხვა ხელმძღვანელ პოზიციას იკავებდა, ხოლო 2017 წლიდან 2018 წლის მარტამდე იგი ქუთაისის საქალაქო სამმართველოს უფროსი იყო.

ირაკლი ჯიქია წლების განმავლობაში შინაგან საქმეთა სამინისტროში სხვადასხვა წამყვან პოზიციას იკავებდა. იგი 2006 წლის იანვრიდან დეკემბრამდე შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. ფოთის სამმართველოს უფროსი იყო. 2014 წლის იანვრიდან 2017 წლის აგვისტომდე ირაკლი ჯიქია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სამმართველოს უფროსი იყო, ხოლო 2017 წლის აგვისტოდან შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის თანამდებობაზე მუშაობდა.

რამდენიმე დღის წინ, სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობა გურამ ზესაშვილმა დატოვა.  შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გურამ ზესაშვილი  სამინისტროში მიმდინარე როტაციის ფარგლებში, უწყებაში სხვა თანამდებობაზე დაინიშნება.

 

კომენტარები

დატოვე კომენტარი