ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა მოსახლეობასთან შეხვედრა გამართა

ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა, ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების პროექტის ფარგლების დადგენის (სკოუპინგის) შეხვედრა გამართა.

შეხვედრა რომელიც გუბერნატორის ადმინისტრაციის შენობის სააქტო დარბაზში გაიმართა, ადგილობრივი მოსახლეობა, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, გუბერნატორის ადმინისტრაციის და ადგილობრივი ხლისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ანაკლიის განვითარების კონსორციუმი უფლებამოსილია ანაკლიაში ააშენოს, განავითაროს და ოპერირება გაუწიოს ანაკლიის ღრმაწყლოვან ნავსადგურს. კონსორციუმი პროექტის ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების შეფასების (გზსშ) დოკუმენტის შემუშავების პროცესშია.

საერთაშორისო მოთხოვნების შესაბამისად, ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების დოკუმენტის შემუშავების პროცესი ორ ნაწილად იყოფა: 1) პროექტის ფარგლების დადგენა (სკოუპინგი) და 2) შეფასება. კონსორციუმი თითოეულ ეტაპზე გეგმავს საკონსულტაციო შეხვედრების ჩატარებას. იგი დაინტერესებულ მხარეებს და ადგილობრივ მოსახლეობას გააცნობს ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე პროექტის მიმდინარეობას და მოისმენს მათ მოსაზრებებს.

ბუნებრივ და სოციალური საკითხებზე პროექტის ფარგლების დადგენის (სკოუპინგის) საკონსულტაციო შეხვედრა ზუგდიდის შემდეგ ხვალ, 10 დეკემბერს 12 საათზე ანაკლიაში სასტუმრო „პალმ ბიჩის“ საკონფერენციო დარბაზში გაიმართება.

კომენტარები

დატოვე კომენტარი