მსოფლიოში არსებულ კაშხლებს შორის ყველაზე მაღალი ლიფტი ენგურჰესს ექნება

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში ენგურჰესის თაღოვანი კაშხლის მიმდებარედ ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების სტრატეგიული გეგმის პრეზენტაცია გაიმართა. პრეზენტაცია წარმოადგინეს ესტონეთის კულტურის სამინისტროს მიერ რეკომენდებულმა წამყვანმა ექსპერტებმა: ოტტ სარაპუუმ და ანდრუს კორესაარმა.

პრეზენტაციას კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი ნიკოლოზ ანთიძე და სამეგერელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული – გუბერნატორი ლევან შონია

აღნიშნული სტრატეგიული გეგმა საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მიერ ენერგეტიკის სამინისტროსთან და შპს ენგურჰესის დირექტორთა საბჭოსთან, ასევე, ესტონეთის რესპუბლიკის კულტურის სამინისტროსთან თანამშრომლობის შედეგად მომზადდა.

წარმოდგენილი პრეზენტაციის მიხედვით, ენგურჰესის კაშხლის ინფრასტრუქტურა მოიცავს გადასახედ მოედნებს, საბაგირო გზას, სამეცნიერო და აღმოჩენათა ცენტრს, ღია საკონცერტო სივრცესა და მსოფლიოში არსებულ ყველაზე მაღალ ლიფტს კაშხალზე; განვითარების კონცეფცია, ასევე, განიხილავს კაშხლის გამოყენებას სხვადასხვა საინსტალაციო-წარმოსახვითი ღონისძიებებითვის. მნიშვნელოვანია, რომ პროექტი ხორციელდება სვანეთისკენ მიმავალ გზაზე, რომელიც ერთერთი მნიშვნელოვანი ტურისტული ტრასაა. ამ მიზნით შემუშავდება ტურისტული მარშრუტები ენგურჰესის თაღოვან კაშხალზე.

სტრატეგიული გეგმა მიზნად ისახავს არა მხოლოდ ენგურჰესის თაღოვანი კაშხლის მიმდებარე ტერიტორიის, არამედ რეგიონის ინფრასტუქტურისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობას. პროექტი ათწლიანია და მისი განხორციელება 2017 წლიდან დაიწყება.

ენგურჰესის თაღოვან კაშხალს ინდუსტრიული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი 2015 წელს მიენიჭა, რაც ქვეყნის ინდუსტრიული მემკვიდრეობის განვითარების, მისი მნიშვნელობის გააზრებისა და ამ მიმართულებით საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით გადაგმული უმნიშვნელოვანესი ნაბიჯია.

 

კომენტარები

დატოვე კომენტარი