არასამთავრობო სექტორის და პოლიტიკური პარტიების შეფასებები წინასაარჩევნო გარემოზე

წინასაარჩევნო გარემოსა და შესაძლო დარღვევებზე იმსჯელეს დღეს ზუგდიდის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში განთავსებულ საარჩევნო მედია-ცენტრში. შეხვედრაზე მესამე სექტორმა შუალედური კვლევის წინასწარი შეფასებები წარმოადგინა.

„მინდა გითხრათ, რომ წინასაარჩევნო პერიოდი საკმაოდ მშვიდ ვითრებაში მიმდინარეობს და სულ რამდენიმე დღეში საიას მიერ ჩატარებულ შუალედურ კვლევას გამოვაქვეყნებთ“, – განაცხადა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ზუგდიდის ოფისის ხელმძღვანელმა ჯანო ჭკადუამ

შეხვედრას როგორც მმართველი პარტიის, ისე ოპოზიციური ფლანგის წარმომადგენლები დაესწრნენ

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატ მერაბ ქვარაიას განცხადებით, საარჩევნო გარემო იდეალურია ნებისმიერი პატრიის კანდიდატისათვის და თუ რაიმე სახის დარღვევა დაფიქსირდება, ხელისუფლება შესაბამის რეაგირებას მოახდენს.

„2016 წლის საპარლამენტო არჩვენების წინასაარჩევნო გარემო, ნამდვილად არის იდეალური, რათა თითოეულ ადამიანს მიეცეს საკუთრი არჩევანის თვისუფლად დაფიქსირების საშუალება. ყველა საარჩევნო სუბიექტს აქვს შესაძლებლობა, სრულფასოვნად ჩაატაროს საკუთრი საარჩევნო კამპანია. ნებისმიერი სახის დარღვევისას ჩვენ ვიქნებით ადეკვატურები. ხელისუფლების ინტერესებში შედის არჩევნების გამჭვირვალედ ჩატარება“, – განაცხადა ქვარაიამ

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ლელა ქებურია კი ამტკიცებს, რომ მიზანმიმართულად ხდება მათი კოორდინატორების დაშინება სუსის თნამშრომლების მხრიდან და ასევე ოფისების დარბევა, რაც მშვიდ წინასარჩევნო გარემოზე ვერ მიუთითებს.

„წინასაარჩევნო გარემო, ნამდვილად არ არის იდეალური იმ ფონზე, როდესაც კორცხელის ინციდენტში მონაწილე პირები დღემდე დასჯილები არ არიან, უფრო მეტიც, ისინი კახა კალაძეს ახლდნენ, როდესაც მაჟორიტარობის კანდიდატები დაასახელეს ზუგდიდში. ამას თან ერთვის ჩვენი ოფისის დარბევა, გუშინ ელენე ხოშტარიას ოფისის დარბევა და ასე შემდეგ. სუსის თანამშრომლები ყოველდღიურ რეჟიმში უთვალთლებენ და აშინებენ ჩვენი პარტიის კოორდინატორებს“, – აცხადებს ქებურია.

კომენტარები

დატოვე კომენტარი