აშშ-ს ლაბორატორიამ დაადგინა, რომ გრაკლიანის წარწერა უძველესია

 

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის არქეოლოგიური ექსპედიციის მიერ აღმოჩენილი გრაკლიანის უნიკალური წარწერა აშშ ლაბორატორიამ ძვ.წ. XI-X  საუკუნეებს მიაკუთვნა.

ექსპედიციის ხელმძღვანელის განცხადებით, გრაკლიან გორაზე აღმოჩენილი წარწერისადმი განსაკუთრებული ინტერესი გაჩნდა, რადგან, სავარაუდოდ, იგი საქართველოში უძველესია. აქედან გამომდინარე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ექსპედიციამ, რომელიც  გათხრებს აწარმოებს, წარწერის თარიღის დაზუსტების მიზნით ნიმუშები მაიამის (აშშ) ბეტა ლაბორატორიაში გააგზავნა. ვახტანგ ლიჩელის განმარტებით, მაიამის ლაბორატორიის მიერ დადგენილი თარიღი არის ძვ.წ. XI-X საუკუნეები, რაც სრულიად უნიკალური მოვლენაა. მისივე ინფორმაციით, თარიღის კიდევ ერთხელ გადამოწმების მიზნით ნიმუშები უკვე  იტალიაშია გაგზავნილი.

მისივე ინფორმაციით, ახალი აღმოჩენით დასტურდება, რომ 2700-3000 წლის წინ საქართველოს ტერიტორიაზე დამწერლობა გამოიყენებოდა. ამ ფაქტმა და ადრე აღმოჩენილმა მასალებმა, შესაძლოა, ძვ.წ. VII-VI  საუკუნეების აღმოსავლეთ საქართველოს, კერძოდ, ქართლის ისტორიის გარკვეული ეტაპიც შეცვალოს.

გრაკლიან გორაზე არქეოლოგიური  გათხრების შედეგად ქვის ხანიდან ანტიკურ პერიოდამდე საზოგადოების განვითარების უწყვეტი ციკლი დადასტურდა. სხვადასხვა პერიოდის 11 კულტურული ფენის გათხრის შედეგად აღმოჩენილი არტეფაქტები – პირველყოფილი ადამიანების სამუშაო იარაღები, გვიანდელი პერიოდის საკულტო დანიშნულების ნივთები და სხვა. არქეოლოგებმა საინტერესო არქიტექტურული სურათი მიიღეს: იმ პერიოდისთვის დამახასიათებელი ერთმანეთზე მიჯრით მიდგმული შენობების ერთი კვარტალი. უმნიშვნელოვანესი აღმოჩენაა ძვ. წ. IV ათასწლეულის საბეჭდავები, რომლის ანალოგი სამხრეთ მესოპოტამიაში, ურუქშია აღმოჩენილი;  ძვ.წ. V-IV საუკუნეებით დათარიღებული ოქროს დისკო, რომლის  ანალოგი არსებობს ქ. სუზაში (ირანი).

როგორც ექსპედიციის ხელმძღვანელი აცხადებს, მნიშვნელოვანი და საინტერესოა აღმოჩენილი რამდენიმე საკულტო ოთახი. მათ შორის საკულტო წისქვილი – 3  ხელსაფქვავი, რომელშიც წმინდა ფქვილი იფქვებოდა. მისივე განმარტებით, წმინდა ფქვილით ღმერთებისთვის შესაწირ პურს აცხობდნენ.

შეგახსენებთ, რომ გრაკლიანი გორაზე პირველი მონაპოვარი 2007 წელს თბილისი-სენაკი-ლესელიძის გზის მშენებლობის დროს გამოვლინდა.

 

 

კომენტარები

დატოვე კომენტარი