ჩხოროწყუში მუხურის მეფუტკრეობის სამეცნიერო-კვლევითი ბაზა გაიხსნა

სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა, საქართველოს პარლამენტის აგრარული კომიტეტის თავმჯდომარემ, ოთარ დანელიამ და სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელწმიფო რწმუნებულ-გუბერნატორმა, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ მუხურში, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მეფუტკრეობის საცდელი ბაზა გახსნეს.

აღნიშნული ბაზა ორი ლაბორატორიის, საოფისე და დამხმარე შენობა-ნაგებობისგან შედგება.

„სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მუხურის მეფუტკრეობის ექსპერიმენტული ბაზა დარგის განვითარების ხელშემწყობი უმნიშვნელოვანესი ცენტრია. ბაზაზე განთავსებულია სასელექციო და სანაშენე მეურნეობა, სადაც შესაძლებელია ხალასი ქართული ფუტკრის ჯიშის გამოყვანა, სელექცია და მაღალპროდუქტიული ჯიშის გავრცელება მთელი ქვეყნის მასშტაბით. ეს გახლავთ უნიკალური გენოფონდი, რომელიც დაკარგვის პირას იყო და რომლის აღდგენა სოფლის მეურნეობის სამინისტრომ შეძლო. ახლა კი მნიშვნელოვანია ბაზაზე დაინერგოს ის მეთოდები, რომელიც საშუალებას მოგვცემს, მაქსიმალურად გავამრავლოთ და შემდგომ ამ ახალი ჯიშის პრაქტიკულ გამოყენებაში დაბრუნება შევძლოთ“, – განაცხადა სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა ბაზის გახსნის ღონისძიებაზე.

როგორც სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა-გუბერნატორმა, ლევან შონიამ  აღნიშნა,  მეფუტკრეობის დარგის ხელშეწყობა ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია და ამ მიმართულებით სოფლის მეურნეობის სამინისტრო არა ერთ მნიშვნელოვან ღონისძიებას ატარებს. ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში ყოფილი მუხურის მეფუტკრეობის სახელმწიფო სანაშენე მეურნეობის აღდგენა დარგის განვითარებას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მუხურის ბაზაზე სისტემატურად მოეწყობა ღია კარის და სადემონსტრაციო დღეები. სწავლებას გაივლიან როგორც ფერმერები, ასევე მეფუტკრეობით დაინტერესებული პირები. სემინარები გაიმართება ფუტკრის ოჯახების მოვლა-მოშენების და დაავადებების წინააღმდეგ პრევენციული ღონისძიებების გატარების შესახებ, სადაც მონაწილეები გაეცნობიან იმ თანამედროვე ტექნოლოგიებს, რომელიც დაკავშირებულია როგორც ხელოვნურ განაყოფიერებასთან, ასევე, ჯანსაღი პროდუქციის წარმოებასთან.

 

 

კომენტარები

დატოვე კომენტარი