ენგურჰესის ტურისტული ცენტრის პროექტის პრეზენტაცია

საქართველოს შეემატება ძალიან მასშტაბური და მრავალფუნქციური ტურისტული ზონა – „ენგურჰესის” ტურისტული ცენტრი, რომელიც მსოფლიო დონის ატრაქცია გახდება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ენგურჰესის ტურისტული ზონის კონცეფციის პრეზენტაციაზე განაცხადა.

გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ტურისტული ინფრასტრუქტურა 157 ჰექტარზე იქნება გაშლილი, მოეწყობა შემეცნებითი და აღმოჩენათა ცენტრი, სამუზეუმო-საინფორმაციო სივრცე, საბაგირო გზა, ღია საკონცერტო სივრცე, სანაოსნო ინფრასტრუქტურა, იქნება მსოფლიოში ყველაზე მაღალი – 280-მეტრიანი ლიფტი, მდინარე ენგურზე გადასახედები, ასევე – კომპონენტები ექსტრემის მოყვარულებისთვის.

ენგურჰესის ტურისტული ზონის მოწყობის პროცესში მუდმივად იქნება დასაქმებული 200-მდე ადამიანი, პრიორიტეტი ადგილობრივ მოსახლეებს მიენიჭებათ, ხოლო სამუშაოების დასრულების შემდეგ კიდევ 100-მდე ადამიანი დასაქმდება.

მისივე განცხადებით, წინასწარი გათვლებით, ეს ტურისტული ზონა საკმაოდ შემოსავლიანი იქნება და წელიწადში 400 ათასამდე ტურისტს მიიღებს.

პრემიერ-მინისტრმა შეხვედრაზე ენგურჰესის მნიშვნელობაზე, ასევე ქართველ და აფხაზ ხალხს შორის ურთიერთობის აღდგენაზე ისაუბრა.

“დღეს, როცა ასე ახლოს ვდგავართ აფხაზეთთან, კიდევ ერთხელ მინდა დავადასტურო ჩვენი აფხაზი ძმებისადმი უდიდესი პატივისცემა და სიყვარული, და ნამდვილად, ამაზე საუბარი არასოდეს მომბეზრდება. მინდა ყველამ იცოდეს, რომ ჩვენთვის სულერთი არ არის, როგორ ცხოვრობენ ჩვენი აფხაზი ძმები და დები სოხუმსა და გაგრაში, გალსა და ოჩამჩირეში, ტყვარჩელსა და გუდაუთაში. ჩვენ გვინდა, მათ გავუწოდოთ მეგობრობის ხელი. შეგნებულად არ ვთქვი კიდევ ერთხელ, რადგან ჩვენ, 25 წელია, ჩაკეტილ წრეზე დავდივართ და მინდა, ერთხელ და სამუდამოდ დავასრულოთ ის მძიმე მემკვიდრეობა, რომელიც შეიქმნა და ჩვენს მომავალ თაობებს არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავუტოვოთ. საქართველოს ყოველთვის ჰქონდა და აქვს მყარი პოზიცია ენგურჰესთან დაკავშირებით, რომ ჰესზე გამომუშავებული ენერგიით მარაგდებოდეს აფხაზეთში მცხოვრები მოსახლეობა. ამ ჟესტით ძალიან ბევრი რამეა ნათქვამი და ეს არის გზავნილი ჩვენი აფხაზი ძმებისთვის. ენგურჰესი შეიძლება ნიმუშადაც გამოვიყენოთ, თუ როგორ შეიძლება ომით გახლეჩილი ურთიერთობები საერთო ინტერესის გარშემო თანამშრომლობით შევცვალოთ”,- აღნიშნა  პრეემიერმა.

ენგურჰესის ტურისტული ცენტრის პროექტის პრეზენტაციას საქართველოს-პრემიერ მინისტრი, მთავრობის წევრები, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი და ადგილობრივი მოსახლეობა ესწრებოდნენ.

კომენტარები

დატოვე კომენტარი