ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე საქართველოს ოკუპირებული რეგიონების შესახებ ისაუბრებენ

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის 25-ე ყოველწლიური სესიის ფარგლებში, დებატების ერთ-ერთი თემა საქართველოს ოკუპირებული რეგიონები იქნება.

ასევე დისკუსია გაიმართება უკრაინის საკითხზე, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაზე, დევნილთა უფლებებზე, ევროპაში ნეო-ნაციზმზე, კლიმატის ცვლილებებზე. დელეგატები იმსჯელებენ ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა: უკრაინაში მინსკის შეთანხების შესრულების მიზნით, უნდა გაიგზავნოს თუ არა საერთაშორისო სამშვიდობო მისია; მიგრაციის საკითხებზე ეუთო-ს მაკონტროლებელი ორგანოს ჩამოყალიბება; ყარაბაღის კონფლიქტის სამხედრო ესკალაცია; ეუთო-ს წევრი ქვეყნების მიერ სამშვიდობო ბაზრის გახსნა მიგრანტებისთვის.

საპარლამენტო ფორუმის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართავენ: ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი ილკა კანერვა, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი, საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, ეუთო-ს თავმჯდომარე ქვეყნის, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ფრანკ-ვალტერ შტაიმაიერი და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი პედრო აგრამუნტი. ამასთან, სესიას დაესწრებიან ბოსნია-ჰერცეგოვინის პარლამენტის თავმჯდომარე ბარისა გოლაკი და მონტენეგროს თავმჯდომარე დარკო პაჟოვიჩი.

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაში, ეროვნული პარლამენტების წევრების გარდა, მონაწილეობას მიიღებენ პოლიტიკურ საკითხთა ექსპერტები, დიპლომატები და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ყოველწლიური შეკრება პრეზიდენტის არჩევით და ”თბილისის დეკლარაციის” მიღებით დასრულდება, რომელშიც ასამბლეის მნიშვნელოვანი განცხადებები, პოლიტიკური რეკომენდაციები და გზავნილები იქნება ასახული. დეკლარაცია ეუთო-ს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა სამინისტროებსა და ეროვნულ პარლამენტებს გაეგზავნება.

1-5 ივლისს, თბილისი ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის 25-ე ყოველწლიურ სესიას მასპინძლობს. ამჟამად ეუთო-ს მუდმივმოქმედი კომიტეტის სხდომა მიმდინარეობს, პლენარული სხდომა კი, 14:30 საათზე გაიხსნება.

კომენტარები

დატოვე კომენტარი