გადამოწმების პერიოდში ოჯახებს საარსებო შემწეობის მიღება არ შეუჩერდებათ

საარსებო შემწეობის მიმღებ პირებს, სტატუსის გადამოწმების პერიოდში, საარსებო შემწეობის მიღება შეუნარჩუნდებათ, – ამის შესახებ ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა.

“ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი გამოდის ინიციატივით, რომ საარსებო შემწეობის მიმღებ ოჯახებს, მათი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გადამოწმების პერიოდში არ შეუჩერდეთ საარსებო შემწეობის გაცემა. შემდეგ კი გადამოწმების შედეგად მინიჭებული სარეიტინგო ქულიდან გამომდინარე გაგრძელდეს ან შეწყდეს მათი პროგრამაში მონაწილეობა. ამისათვის საჭიროა დამატებით 5.4 მლნ. ლარი. ამ გადაწყვეტილებით, ოჯახებს გადამოწმების პერიოდშიც, ახალი სარეიტინგო ქულის მინიჭებამდე უწყვეტად მიეცემათ საარსებო შემწეობა. გადაწყვეტილება მიღებულია, ცვლილება ძალაში შევა მიმდინარე წლის აპრილის თვიდან“, – აღნიშნა დიმიტრი ხუნდაძემ.

კომენტარები

დატოვე კომენტარი