გიორგი კვირიკაშვილმა მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო

საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, „ჩვენი ვალია, ქედი მოვიხაროთ ყველა იმ ადამიანის წინაშე, ვინც საკუთარი სიცოცხლე, ჯანმრთელობა გაწირა იმისთვის, რომ მათ შთამომავლობას ეცხოვრა მშვიდობიან მსოფლიოში“.

ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ვაკის პარკში ფაშიზმზე გამარჯვების 71-ე წლისთავთან დაკავშირებით უცნობი ჯარისკაცის საფლავის გვირგვინით შემკობისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა ვეტერანებს ფაშიზმზე გამარჯვების დღე მიულოცა და აღნიშნა, რომ მათი გმირობის დაფასება სახელმწიფოს მოვალეობაა.

„ამ უდიდესი მსხვერპლის შედეგად შესაძლებელი გახდა ფაშიზმის შეჩერება. ჩვენი ვალია, ქედი მოვიხაროთ ყველა იმ ადამიანის წინაშე, ვინც საკუთარი სიცოცხლე, ჯანმრთელობა გასწირა იმისთვის, რომ შთამომავლობას ეცხოვრა მშვიდობიან მსოფლიოში. ქედს ვიხრი ასევე იმ ადამიანების წინაშე, ვინც დღეს ჩვენს გვერდით არის. სახელმწიფოს ვალია, რომ მუდმივად აჩვენოს და აგრძნობინოს მათ ის მადლიერების გრძნობა, რომელიც ყველა ჩვენგანს გააჩნია“, – განაცხად კვირიკაშვილმა.

პრემიერ-მინისტრი ვაკის პარკში მთავრობის წევრებთან ერთად იმყოფებოდა, სადაც მეორე მსოფლიო ომის ამსახველი ფოტო-გამოფენაც დაათვალიერა.

კომენტარები

დატოვე კომენტარი