გიორგი მარგველაშვილი ნატო-ს სამიტში მიიღებს მონაწილეობას

საქართველოს დელეგაცია, პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის ხელმძღვანელობით, ნატო-ს სამიტზე დასასწრებად ვარშავას დღეს ეწვევა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ქვეყნის პირველი პირი სიტყვით გამოვა ნატო-ს წევრი და პარტნიორი ქვეყნების სახელმწიფო და მთავრობის მეთაურების შეხვედრაზე, რომელიც ავღანეთის თემაზე – ,,მტკიცე მხარდაჭერის მისია” იმართება და  ამავე ქვეყნების დელეგაციათა ხელმძღვანელების პატივსაცემად გამართულ სამუშაო სადილსაც დაესწრება.

სამიტის ფარგლებში პირველად იმართება ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა, სადაც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მონაწილეობაა დაგეგმილი. მიხეილ ჯანელიძე ასევე სამუშაო ვახშამს დაესწრება, რომელიც ნატო-ს წევრი და პარტნიორი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების პატივსაცემად იმართება, ხოლო საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი მონაწილეობას მიიღებს ურთიერთთავსებადობის პლატფორმის შეხვედრაში, რომელიც ნატო-ს წევრი და პარტნიორი ქვეყნების თავდაცვის მინისტრების დონეზე იმართება.

საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში არიან საქართველოს პრეზიდენტი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, თავდაცვის მინისტრი, საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში, საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი და სხვა ოფიციალური პირები.

კომენტარები

დატოვე კომენტარი