“კონფლიქტები საქართველოში: ახალი გამოწვევების პოლიტიკური და ეკონომიკური ასპექტები“ – მრგვალი მაგიდა ზუგდიდში

ზუგდიდის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში „კავკასიურმა სახლმა“ და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტების კვლევის ინსტიტუტმა“ თემაზე “კონფლიქტები საქართველოში: ახალი გამოწვევების პოლიტიკური და ეკონომიკური ასპექტები“ მრგვალი მაგიდა გამართა.

შეხვედრაზე ქართულ-აფხაზურ და ქართულ-ოსურ კონფლიქტებზე გაკეთდა აქცენტები. მრგვალი მაგიდის მონაწილეებმა მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში რუსეთის გაწვრიანების შემდეგ საქართველოს ტერიტორიაზე გამავალი სავაჭრო დერეფნების პოლიტიკური და ეკონომიკური მნიშვნელობაც გააანალიზეს.

შეხვედრის მონაწილეებს თავდაპირველად “კავკასიური სახლის“ აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი კანაშვილმა მიმართა.

პოლიტიკის ანალიტიკოსმა არჩილ გეგეშიძემ კი მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანების შემდეგ საქართველოს ტერიტორიაზე გამავალი სავაჭრო დერეფნების ეკონომიკურ და პოლიტიკურ მნიშვნელობაზე ისაუბრა.

მისი თქმით, საქართველოსა და რუსეთს შორის სახმელეთო სავაჭრო ურთიერთობა წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება ამ ორი ქვეყნის ურთიერთობაში.

“საჭიროა კონფლიქტის მოგვარების ორმხრივი სურვილი და რუსეთის ფაქტორის შეცვლა, რაც ხანგრძლივი პროცესი იქნება”, – აღნიშნა გეგეშიძემ.

სავაჭრო დერეფნის ეკონომიკურ მნიშვნელობაზე ისაუბრა საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) ლექტორმა ვახტანგ ლომჯარიამ.

შეხვედრაზე სახელმწიფო მართვის მაგისტრი დავით ლოგუა კი რეგიონში არსებულ რუსეთის პროპაგანდას შეეხო. მისი თქმით, პროპაგანდას უნდა ვებრძოლოთ საგანმანათლებლო შეხვედრებით, რაც ხშირად უნდა იმართებოდეს რეგიონში.

ზუგდიდში გამართულ დღვანდელ შეხვედრას ორგანიზება საზოგადოებრივი ორგანიზაცია “საუნჯეს” ხელმძღვანელმა იაგო ფასანძემ გაუწია.

კომენტარები

დატოვე კომენტარი