მინისტრმა და გუბერნატორმა ზუგდიდში ახალი საწარმო დაათვალიერეს

სამეგრელოს რეგიონში, ზუგდიდში კიდევ ერთი თხილის საწარმო შპს „ჯი ენ კომპანი“ ამოქმედდა. საწარმო სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის გუბერნატორმა, ლევან შონიამ და სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს დირექტორის მოადგილემ, ალექსანდრე ნასარიძემ დაათვალიერეს და საწარმოო პროცესს ადგილზე გაეცნენ.

საწარმოში 30-მდე ადამიანია დასაქმებული. კომპანია წლიურად 396 ტონა მოხალულ თხილის გულის, მოხალულ-დაჭრილ თხილის გულს და თხილის ფქვილს აწარმოებს. პროდუქცია საექსპორტოდ ევროკავშირის ქვეყნებში გადის.

სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ახალის საწარმოს დათვალიერების შემდეგ განაცხადა: – „სახელმწიფო მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, ერთიანი აგროპროექტის მეშვეობით განხორციელდა 154-ე საწარმოს გახსნა. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ახალი, თანამედროვე, ტექნიკური ტექნოლოგიებით აღჭურვილი საწარმოების გახსნა და წარმოების პროცესის დათვალიერება. საწარმო ყველა საერთაშორისო მოთხოვნას აკმაყოფილებს და მიმდინარეობს ყველა საერთაშორისო სტანდარტების დანერგვა. ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია, რომ ყველა საგრანტო პროექტის ფარგლებში, აპრიორი მოთხოვნაა საერთაშორისო სტანდარტების დანერგვა იმისთვის, რომ ქართული, ექსპორტზე ორიენტირებული საწარმოების კონკურენტუნარიანობა მაქსიმალურად იყოს ამაღლებული“.

სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ ახალი ქარხანა, მეორად პროდუქტზე მუშაობს და ადგილობრივი მეწარმეებისგან თხილის გულს იღებს, რომელსაც შემდეგ სხვადასხვა სახეობად ამუშავებს.

„ნიშანდობლივია ის, რომ ეს ქარხანა მუშაობს მეორად პროდუქციაზე. პერიოდულად ადგილობრივ მეწარმეს, პრობლემა ექმნება მეორადი პროდუქციის რეალიზებაზე, რადგან ყველა ქარხნები არ ღებულობენ მას. ვთვლი, რომ ამ მხრივ ძალიან მნიშვნელოვანია ამ ქარხნის როლი. ქარხანა პროდუქტს ამუშავბს, ახარისხებს და ექსპორტზე გადის ევროპულ ბაზარზე. დასაქმებულებს საშუალოდ 500 ლარი აქვთ ხელფასი და ეს მნიშვნელოვანია. ქარხანას გადაწყვეტილი აქვს მომავალში გაფართოება, სადაც უფრო მეტი ადგილობრივი დასაქმდება“ – აღნიშნა ლევან შონიამ.

კომპანია „სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანდაფინანსების პროგრამის“ ბენეფიციარია. საწარმოში ჯამურად 557 412 აშშ დოლარის ინვესტიცია განხორციელდა, აქედან 222 906 აშშ დოლარი გრანტია, ხოლო 278 706 აშშ დოლარი შეღავათიანი აგროკრედიტი. აღსანიშნავია, რომ “ჯი ენ კომპანი” სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოსა და USAID/REAP-ის მხარდაჭერით საერთაშორისო სტანდარტს ISO:22 000 უახლოეს მომავალში მიიღებს.

 

კომენტარები

დატოვე კომენტარი