მთავრობაში საკადრო ცვლილებებია

საქართველოს პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, გიორგი კვირიკაშვილმა მინისტრთა კაბინეტის წევრები წარადგინა.

კვირიკაშვილმა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის თანამდებობაზე გიორგი გახარიაა წარდგენილი, რომელსაც, შესაბამისად დეპუტატის მანდატის დატოვება მოუწევს. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრობის მოვალეობის შემსრულებელი დიმიტრი ქუმსიშვილი კი, გიორგი კვირიკაშვილის გადაწყვეტილებით, ფინანსთა სამინისტროს ჩაიბარებს და ნოდარ ხადურს შეცვლის. ქუმსიშვილი ასევე შეინარჩუნებს პირველი ვიცე-პრემიერის თანამდებობას.

გარდა ამისა, ენერგეტიკის სამინისტროში დაბრუნება უწყების ყოფილი ხელმძღვანელი კახა კალაძე, რომელსაც ამ ეტაპზე პარლამენტის ახალარჩეული დეპუტატის სტატუსი აქვს. კალაძე ასევე დაიკავებს ვიცე-პრემიერის თანამდებობას.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ამჟამინდელ ხელმძღვანელს ნოდარ ჯავახიშვილს ზურაბ ალავიძე ჩაანაცვლებს.

მინისტრთა კაბინეტის კიდევ ერთი ახალი სახე იქნება „თავისუფალი დემოკრატების“ ყოფილი წევრი ვიქტორ დოლიძე, რომელიც ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობაზე დავით ბაქრაძეს ჩაანაცვლებს. უქმდება დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი და უცხოეთში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებთან დაკავშირებულ მიმართულებას საგარეო საქმეთა მინისტრი შეითავსებს.

კომენტარები

დატოვე კომენტარი