სამეგრელოში ელექტრო ენერგიის მიწოდება დღის ბოლომდე ყველა აბონენტს აღუდგება

სამეგრელოში ძლიერი ქარის შედეგად დაზიანებული ელექტროგადამცემი ხაზების რეაბილიტაცია მიმდინარეობს. სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით,    უამინდობით მიყენებული ზიანის დროულად აღმოფხვრის მიზნით, გუბერნატორის ადმინისტრაციასთან და გამგეობებთან ერთად ,,ენერგო-პრო ჯორჯია“ კოორდინირებულად მუშაობას განაგრძობს. კომპანიის მიერ სენაკში შექმნილია საგანგებო შტაბი, რომელიც კოორდინაციას უწევს აღდგენით სამუშაოებს.

ამ დროისთვის, სამეგრელოს რეგიონში ყველა რაიონულ ცენტრს მიეწოდება ელექტროენერგია, თუმცა, დარჩენილია აბონენტების მცირე ნაწილი ზუგდიდის, სენაკის და ხობის მუნიციპალიტეტების სოფლებში. აღნიშნული აბონენტებისთვის ელექტროენერგიის მიწოდების აღდგენა უახლოეს საათებში მოხდება. დღის ბოლომდე კი სამეგრელოს რეგიონში გამორთულ ყველა აბობნენტს ელექტროეენერგიით მომარაგება აღუდგება.

პარალელურად მუნიციპალიტეტებში დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენა მიმდინარეობს. დაზიანებული ხეებისგან გაიწმინდა ქუჩები და პარკები.

მუნიციპალიტეტებში ზარალის დამთვლელი კომისიები ამ დრომდე მუშაობენ, ისინი ადგილზე ეცნობიან ქარისგან მიყენებულ ზარალს.

ხობში ამ დროის მონაცემებით ნაწილობრივ დაზიანდა 16 კერძო სახლის სახურავი და სამი მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის სახურავი.  სამივე მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის გადახურვა გამოდარებისთანავე მოხდება.

ფოთის მერიაში კი შექმნილია საგანგებო შტაბი და მობილური ჯგუფები, რომლებიც მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ და ქალაქის მთელ პერიმეტრზე აწარმოებენ მონიტორინგს. მოქმედებს ცხელი ხაზი, სადაც მიმდინარეობს შეტყობინებების მიღება და მობილური ჯგუფების ადგილზე გაგზავნა. ფოთში ელექტრო ენერგიით მომარაგება სრულად აღდგენილია. ქალაქში ძლიერი ქარის შედეგად ნაწილობრივ დაზიანდა, 17-ამდე საცხოვრებელი სახლის, 5 სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებისა და N1 საჯარო სკოლის სახურავები.

ზარალის დამთვლელი კომისია უკვე მეორე დღეა აგრძელებს მუშაობას ზუგდიდის მუნიციპალიტეტშიც. აქ ქარმა ერგეტას, ორულუს, ხეცერას, ურთას, ცვანესა და ცაცხვის ადმინისტრაციულ ერთეულში 13 საცხოვრებელი სახლის სახურავები ნაწილობრივ დააზიანა.

ქარმა დააზარალა აბაშის მუნიციპალიტეტიც, აქ  30-მდე საცხოვრებელი სახლის სახურავი ნაწილობრივ დაზიანდა.

სამეგრელოში ამ დროისთვის ქარის სიმძლავრე შესუსტებულია. სინოპტიკოსები გამოდარებას 24 ნოემბრიდან ვარაუდობენ.

 

კომენტარები

დატოვე კომენტარი