ნათელაშვილმა აფხაზეთში პარტიის კოორდინატორები წარადგინა

„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი შალვა ნათელაშვილი და პარტიის მომხრეები დღეს აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვართან შეიკრიბნენ. ნათელაშვილმა აფხაზეთის რაიონებსა და ქალაქებში პარტიის კოორდინატორები წარადგინა, ოკუპირებული რეგიონის კოორდინატორად კი საკუთარი თავი დაასახელა.

პარტიის ინფორმაციით, კოორდინატორები აფხაზებსა და ქართველებს შორის ურთიერთობების აღდგენის მიმართულებით იმუშავებენ.

“23 წლიანი ტრაგედიის შემდეგ, მას შემდეგ, რაც დავკარგეთ აფხაზეთი, პირველად აი აქ, ენგურის ხიდზე ეიკრიბა ამდენი ქართველობა ყველა რეგიონიდან, ჩვენი ერთად დგომა, სულების გაერთიანება ნიშნავს იმას, რომ აფხაზეთი ჩვენი იქნება, როგორც ყოველთვის იყო და უნდა ყოფილიყო, რომ არა ის განხეთქილება, რაც ერში მოხდა თავის დროზე, ეს იარები უნდა მოვაშუშოთ, გავერთიანდეთ და მერე აფხაზებიც მოინდომებენ ჩვენთან დაბრუნებას და ყველაფერი იქნება ისე, როგორც ჩვენს გულებს გაუხარდება, სულებს მოეწონება და ჩვენი წინაპრების სულები ცხონდება. ჩვენ უნდა ვემზადოთ აფხაზეთში დაბრუნებისთვის”, – განაცხადა ნათელაშვილმა.

დღესვე ოპოზიციონერმა ლიდერმა პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა ფოთში, სენაკსა და წალენჯიხა-ჩხოროწყუს მაჟორიტარულ ოლქებში.

კომენტარები

დატოვე კომენტარი