პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე ნიგერიის მოქალაქე დააკავეს

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე, თბილისში მცხოვრები 1995 წელს დაბადებული ნიგერიის მოქალაქე დააკავა.

გამოძიებით დადგინდა, რომ თბილისში მცხოვრები დაზარალებული გოგო გაცნობის გვერდის საშუალებით, ნიგერიის მოქალაქეს დაუახლოვდა და ინტიმური ურთიერთობა ჩამოუყალიბდა, რა დროსაც დაზარალებული თავისი შიშველი სხეულის ამსახველ ფოტო-ვიდეო მასალას ბრალდებულს ნებაყოფლობით უგზავნიდა. გარდა ამისა, დაზარალებულთან სქესობრივი კავშირის დროს,  ბრალდებული, ფარულად, დაზარალებულის თანხმობის გარეშე მას მობილური ტელეფონით ვიდეოებს უღებდა. ურთიერთობის შეწყვეტის შემდეგ, 2022 წლის ივნისში, ნიგერიის მოქალაქე დაზარალებულ ქალს ურთიერთობის აღდგენას სთხოვდა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ფარულად გადაღებული მათი სქესობრივი კავშირის ამსახველი კადრების გავრცელებით ემუქრებოდა. 2022 წლის სექტემბერში, ბრალდებულმა, შურისძიების მიზნით, ზემოაღნიშნული ვიდეო დაზარალებულის ოჯახის წევრს გაუგზავნა.

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, დაზარალებულის მომართვის შემდეგ, საგამოძიებო მოქმედებები მოკლე დროში ჩაატარა. გამომძიებლის მიერ გაჩხრეკილ იქნა დანაშაულში მხილებული ნიგერიის მოქალაქის თბილისში მდებარე საცხოვრებელი სახლი, ასევე ჩატარდა ბრალდებულის პირადი ჩხრეკა, რა დროსაც ამოღებული იქნა დაზარალებული ქალის ინტიმური შინაარსის ფოტო-ვიდეო მასალა, რის შემდეგაც დაკავებულ იქნა ბრალდებული.

ნიგერიის მოქალაქეს ბრალდება პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფისთვის წარედგინა და საქართველოს პროკურატურის შუამდგომლობით აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

დანაშაული 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სპეციალური საგამოძიებო სამსახური, პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტების აღსაკვეთად და დანაშაულში მხილებული პირების გამოსავლენად ბრძოლას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს.

კომენტარები

დატოვე კომენტარი