ზუგდიდის მერიამ “რუსთავი 2”-ს ქარტიაში მოუგო

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით ტელეკომპანია “რუსთავი 2-ის” ჟურნალისტებმა ნოდარ მელაძემ, დიანა ჯოჯუამ, ემა გოგოხიამ და ანა წერეთელმა, გადაცემა „კურიერში“ ზუგდიდის უფასო სასადილოსა და ბენეფიციართა კვებაზე მომზადებულ სიუჟეტში ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის პირველი პრინციპი (ინფორმაციის სიზუსტე) დაარღვიეს, რომლის თანახმადაც, ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია. ნათქვამია ზუგდიდის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში სადაც ასევე ვკითხულობთ:

“განმცხადებელი, ზუგდიდის მერია სადავოდ ხდიდა ტელეკომპანია “რუსთავი 2-ის” ეთერში 2018 წლის 18 მარტს გადაცემა ,,კურიერში” გასულ სიუჟეტს „კვება 97 თეთრად“ და მიიჩნევდა, რომ აღნიშნული მასალა არასწორ ინფორმაციას და მონაცემებს შეიცავდა.

ქარტიაში შესული განცხადების თანახმად: „18 მაისს, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის, გადაცემა „კურიერის“ ეთერში გავიდა სიუჟეტი, რომელიც ზუგდიდში უფასო სასადილოს თემას ეხებოდა. რეპორტაჟში წამყვანი ამბობს, რომ თანხა რომელიც სასადილოებისთვის იყო გამოყოფილი, ბიძინა ივანიშვილის ხეების გადატანას ხმარდება, რაც სიმართლეს არ შეესაბამება, ასევე ჟურნალისტი ამბობს, რომ უფასო სასადილოს ბენეფიციარებისთვის ყოველდღიურად 97 თეთრია გამოყოფილი და რომ ზუგდიდის მერიამ სოციალური სასადილოს დაფინანსება შეამცირა და რეკორდულ მინიმუმამდე დაიყვანა, რაც ასევე სიმართლეს არ შეესაბამება. სიუჟეტში ნათქვამია, რომ ხორცს ბენეფიციარები არ ღებულობენ გარდა დღესასწაულისა, რაც ასევე სიმართლეს არ შეესაბამება. რეალურად ბენეფიციარები ხორცს კვირაში სამჯერ იღებენ. მომზადებულ სიუჟეტში ასევე ნათქვამია, რომ პროგრამის დაფინანსება შემცირებულია, არადა ამ დროს პირიქით გაზრდილია.

ჟურნალისტმა არ გადაამოწმა ფაქტები, არ ნახა სატენდერო დოკუმენტაცია და მომსახურეობის გამწევ მეწარმესთან დადებული ხელშეკრულება, სადაც კარგად არის აღნიშნული თუ რამდენი თანხაა გამოყოფილი ბენეფიციარებისთის და როგორია კვების რაციონი. არც ერთ დოკუმენტში ნახსენები არ არის 97 თეთრი. ჟურნალისტმა ჩაწერა ზუგდიდის მერიის სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის უფროსი ნინო სხულუხია, რომელმაც 97 თეთრთან არსებული აპელირება არ დაუდასტურა და მოუყვა რეალური ციფრების შესახებ, რაც ეთერში არ გასულა.

ჟურნალისტებმა დაამახინჯეს ფაქტები და გაატარეს ერთი პოლიტიკური პარტიის, პოლიტიკოსის ინტერესები, რომელიც ამ კონკრეტულ შემთხვევაში მერის ოპონენტია და დაინტერესებულ მხარეს წარმოადგენს.

ჟურნალისტმა და წამყვანმა ზუგდიდის სასადილოს თემა, რომელიც არასწორად იყო გაჟღერებული, დაუკავშირეს დენდროლოგიურ პარკში გადასატანი ხეების თემას, რაც ასევე აბსურდული იყო. ამით მათ გაატარეს ერთი პოლიტიკური პარტიის ინტერესი და განზრახ დამალეს სიმართლე. რაც იმაშიც აისახა, რომ სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის უფროსის ჩაწერილი ინტერვიუ არ გაუშვეს, რომელიც სიცხადეს მოჰფენდა ამბავს.”

სიუჟეტის გასვლის შემდეგ საგანგებო განცხადება გაავრცელა ზუგდიდის მერიამ და ტელეკომპანიის მიერ გავრცელებული ინფორმაცია უარყო და საზოგადოებას სწორი ინფორმაცია მიაწოდა” – ნათქვამია ზუგდიდის მერიის მიერ გავრცელებულ ოფიციალურ განცხადებაში.

კომენტარები

დატოვე კომენტარი