სააკაშვილი დღეს: მეგის ქარდავას არ ვიცნობდი – ექსპრეზიდენტმა ქარდავა ორჯერ დააჯილდოვა

საქართველოს ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ფესიბუქის საკუთარ გვრდზე, შსს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის უფროსის ყოფილი მოადგილის მეგის ქარდავას უკრაინაში დაკავებას ეხმაურება და აცხადებს, რომ მეგის ქარდავას არასდროს შეხვედრია და მისი არსებობის შესახებ მხოლოდ პრესიდან იცის.
„მედიის წყაროები ძალიან არასარწმუნოა. ამ „უახლოეს თანაგუნდელს“ მე არასდროს შევხვედრივარ და მისი არსებობის შესახებ მხოლოდ პრესიდან ვიცი“, წერს სააკაშვილი სოციალურ ქსელში.
არადა მიხეილ სააკაშვილმა მეგის ქარდავა სახელმწიფო ჯილდოებით – ორჯერ 2010 და 2012 წლებში დააჯილდოვა.
2010 წლის 20 დეკემბრის, საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის №1168 განკარგულებაში აღნიშნულია, რომ ვახტანგ გორგასლის მეორე ხარისხის ორდენი მეგის ქარდავას, ქვეყნის უსაფრთხოებისა და კონსტიტუციური წყობილების დაცვის საქმეში შეტანილი განსაკუთრებული პირადი წვლილისათვის გადაეცა. განკარგულების თანახმად, მოცემულ დროს მეგის ქარდავა შსს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე-დეტექტივების სამმართველოს უფროსად მუშაობდა.
ღირსების ორდენი მიხეილ სააკაშვილმა მეგის ქარდავას 2012 წელსაც გადასცა. როგორც 2012 წლის 19 მაისის, საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის №19/01/05 განკარგულებაშია აღნიშნული, ღირსების ორდენი მეგის ქარდავას, სამსახურებრივი მოვალეობის კეთილსინდისიერად შესრულების, მაღალი პროფესიონალიზმისა და ღირსეული სამსახურისთვის გადაეცა.
განკარგულების თანახმად, მოცემულ დროს მეგის ქარდავა საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის უფროსად მუშაობდა.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი უფროსი მეგის ქარდავა უკრაინელმა სამართალდამცავებმა უკრაინა-პოლონეთის საზღვარზე აიყვანეს. ქარდავას დაკავებას უკრაინის კრიმინალური პოლიციაც ადასტურებს.
მეგის ქარდავა ინტერპოლის წითელი ცირკულარით ქართული მხარის მოთხოვნით იძებნებოდა.
ყოფილ მაღალჩინოსანს ბრალი ედება რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეში. მათ შორის, სამეგრელოში აღმოჩენილი საიდუმლო სამალავების საქმეზე. 2014 წელს მას დაუსწრებლად 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ის არის ერთ-ერთი ფიგურანტი სერგო თეთრაძის წამების ორგანიზების საქმეში სასჯელაღრსრულების ყოფილ მინისტრ ბაჩო ახალაიასთან ერთად. მეგის ქარდავას გენერალ რომან დუმბაძის მკვლელობის საქმეზე ბრალი წაუყენეს 109-ე მუხლით, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას ითვალისწინებს. გამოძიება მას დანაშაულის ორგანიზებას და მკვლელობის დაკვეთას ედავება; ასევე თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტიდან თანხების მითვისების გამო, ქარდავას 2013 წელს დაუსწრებლად შეეფარდა პატიმრობა და მასზე გამოცხადდა ძებნა.

კომენტარები

დატოვე კომენტარი