სახალხო დამცველს ყველაზე ხშირად სქესის ნიშნით დისკრიმინაციის მიზეზით მიმართეს

საქართველოს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ ქვეყანაში თანასწორობის მდგომარეობის შესახებ სპეციალური ანგარიში წარმოადგინა:

საანგარიშო პერიოდში, 2017 წლის სექტემბრიდან 2018 წლის აგვისტოს ჩათვლით, სახალხო დამცველის აპარატმა სავარაუდო დისკრიმინაციის 159 ფაქტი შეისწავლა და 21 შემთხვევაში რეკომენდაცია, ხოლო 9 შემთხვევაში ზოგადი წინადადება გამოსცა . სახალხო დამცველისადმი სავარაუდო დისკრიმინაციის ფაქტებზე მიმართვიანობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი, გასული წლის მსგავსად, კვლავ საჯარო სექტორს უკავშირდება (69%).

სახალხო დამცველს ყველაზე ხშირად სქესის ნიშნით დისკრიმინაციის მიზეზით მიმართავდნენ (16%) შემდეგ მოდის პოლიტიკური და განსხვავებული მოსაზრების ნიშნით დისკრიმინაცია (12%) რელიგიის ნიშნით დისკრიმინაცია (11%) და სხვა. რაც შეეხება სფეროს, განცხადებების ყველაზე დიდი ნაწილი შრომით ურთიერთობებში განხორციელებულ სავარაუდო დისკრიმინაციის ფაქტებს შეეხება.

სახალხო დამცველის მიერ მიღებული გადაწყვეტილებებიდან დისკრიმინაციის ფაქტის დადგენის შესახებ 22 გადაწყვეტილება საჯარო პირის, 8 კი – კერძო პირის მიმართ გაიცა. მათგან, ყველაზე მეტი 6 – სქესის ნიშნით დისკრიმინაციას, 5 – შეზღუდული შესაძლებლობის ნიშნით და 5 პოლიტიკური/განსხვავებული მოსაზრების ნიშნით შემთხვევებს შეეხებოდა. ამასთან, გამოიცა ზოგადი წინადადება სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების ეფექტიანად გამოძიების საკითხზე.

თანასწორობის საკითხებზე ინფორმაციის გავრცელების მიზნით, სახალხო დამცველის აპარატმა ტრენინგები ჩაატარა და საინფორმაციო შეხვედრები გამართა შინაგან საქმეთა სამინისტროს 40 თანამშრომელთან, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების 200 თანამშრომელთან, საჯარო სკოლების 51 მასწავლებელთან, 70 ჟურნალისტთან, კერძო კომპანიების 120 თანამშრომელთან, პროფესიული კავშირების 30 წევრთან, 30 შრომის ინსპექტორთან და არასამთავრობო ორგანიზაციების 50 წარმომადგენელთან.

აღსანიშნავია, რომ 2018 წლის ნოემბერში სახალხო დამცველის აპარატი თანასწორობის ორგანოების ევროპული ქსელის (Equinet) წევრი გახდა. ქსელის წევრები ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები არიან და საქართველო პირველი ქვეყანაა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებიდან, რომელსაც ქსელში გაწევრიანების შესაძლებლობა მიეცა.

 

კომენტარები

დატოვე კომენტარი