2019 – 2021 წლებში საქართველოს კიდევ 217 დასახლებულ პუნქტში განხორციელდება გაზიფიცირების საპროექტო და სამშენებლო სამუშაოები, რისთვისაც 209 მილიონი ლარი დაიხარჯება. გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობის დღევანდელ სხდომაზე მიიღეს.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, ნათია თურნავას თქმით, გაზიფიცირების გეგმა, რომელიც უწყების ინიცირებით მთავრობამ განიხილა და დაამტკიცა, მოიცავს ისეთ დასახლებულ პუნქტებსაც, სადაც ისტორიულად არასოდეს ყოფილა ბუნებრივი აირი – მათ შორის სამეგრელოს ისეთი მუნიციპალიტეტები, როგორიცაა ჩხოროწყუ, წალენჯიხა და ა.შ.
მისი თქმით, 2021 წლისთვის ქვეყნის მასშტაბით, 1,2 მილიონზე მეტი აბონენტი იქნება გაზიფიცირებული, რაც აბონენტთა მთლიანი რაოდენობის დაახლოებით 85 პროცენტია.
2019 – 2021 წლებში დაგეგმილი სამშენებლო სამუშაოებისთვის, ძირითადად, იმ მუნიციპალიტეტებში მცხოვრები პირები დასაქმდებიან. შედეგად, სამშენებლო სამუშაოების მსვლელობისას, ამ მუნიციპალიტეტებში დასაქმების მაჩვენებელი გაიზრდება.
გაზიფიცირების სამწლიანი გეგმის შემუშავებაში აქტიურად იყვნენ ჩართული რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და ადგილობრივ მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები. შედეგად, სამუშაოები დაიგეგმება რეგიონების სივრცითი მოწყობის წესების დაცვით და სამომავლო განვითარების გათვალისწინებით.