NDI – შემცირებულია იმ პირთა რაოდენობა, რომლებიც ფიქრობენ, რომ ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა მათ სარგებელს მოუტანს

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტმა NDI მედიას დღეს, საზოგადოებრივი აზრის უახლესი კვლევის შედეგები წარუდგენა.

(NDI)-ის კვლევის შედეგების თანახმად, გამოკითხულთა უმეტესობისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ეროვნული საკითხები, სამუშაო ადგილები და სიღარიბეა. შემდეგი ადგილები უკავია ტერიტორიულ მთლიანობას, ფასების ზრდა/ინფლაციას და პენსიებს.

გამოკითხულთა უმრავლესობა მიიჩნევს, რომ 2012 წლის ოქტომბრის შემდეგ ის და მისი ოჯახი იგივე მდგომარეობაშია.

კითხვაზე – „ყველაფრის გათვალისწინებით, 2012 წლის ოქტომბერის შემდეგ თქვენ და თქვენი ოჯახი შედარებით ხართ“ – უკეთესად – აცხადებს გამოკითხულთა 17%, 51% – იგივე მდგომარეობაშია, 32% – უარესადაა და 1% კი პასუხობს, რომ არ იცის.

„ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის“ კვლევის თანახმად, გამოკითხულთა  63% თავს დაუსაქმებლად მიიჩნევს, ხოლო დასაქმებულად 36%.

NDI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა უმეტესობა მიიჩნევს, რომ ევროკავშირთა უვიზო მიმოსვლა მათ სარგებელს მოუტანს. ასე რესპონდენტთა 64 % ფიქრობს, გამოკითხულთა 26 % არ მიიჩნევს, რომ ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა რიგითი მოქალაქეებისთვის სარგებლის მომტანია. კატეგორია „არ ვიცი“ აირჩია რესპონდენტთა 10 %-მა.

შეკითხვაზე, მისაღებია თუ არა საქართველოს მთავრობის გაცხადებული მიზანი ქვეყანა გახდეს ევროკავშირის წევრი, დადებითი პასუხი 18-35 წლამდე ასაკის რესპონდენტთა 77 %-მა, 36-55 წლამდე ასაკის გამოკითხულთა 74-მა პროცენტმა და 56 წლის ზემოთ ასაკის მოქალაქეების 64 %-მა გასცა.

საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება მიუღებელია 18-35 წლამდე ასაკის რესპონდენტთა 14 %-ისთვის, 36-55 წლამდე ასაკის გამოკითხულთა 15 %-სა და 56 წლის ზემოთ ასაკის მოქალაქეების 20 %-სთვის. პასუხი „არ ვიცი“ აირჩია 18-35 წლამდე რესპონდენტთა 9 %-მა, 36-55 წლამდე ასაკის გამოკითხულთა 11 %-მა და 56 წლის ზემოთ ასაკის მოქალაქეთა 15 %-მა.

კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 64 %-სთვის მისაღებია საქართველოს მიზანი, გახდეს ნატო-ს წევრი.  22% კი აცხადებს, რომ მიუღებელია.

ამავე კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 20% მიიჩნევს, რომ საქართველოს საგარეო პოლიტიკა უნდა იყოს პრორუსული, თუმცა უნდა შეინარჩუნოს კარგი ურთიერთობა ევროკავშირსა და ნატო-სთან. გამოკითხულთა 13% მიიჩნევს, რომ საგარეო პოლტიკა უნდა იყოს პროდასავლური, ხოლო 6% მიიჩნევს, რომ საგარეო პოლიტიკა უნდა იყოს პრორუსული.

კითხვაზე – როგორი მიმართულებით ვითარდება საქართველო, პასუხები შემდეგნაირად გადანაწილდა – გამოკითხულთა 25% მიიჩნევს, რომ საქართველო სწორი მიმართულებით ვითარდება, 34%-ის აზრით, საქართველო საერთოდ არ იცვლება, ხოლო 33%-ის შეფასებით, საქართველო არასწორი მიმართულებით ვითარდება.

კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 77 % ინფორმაციას ტელევიზიით, 14 % კი ინტერნეტით იღებს. გამოკითხულთა 23% აცხადებს, რომ მიმდინარე მოვლენებისა და პოლიტიკის შესახებ ამბებს არაქართულენოვან სატელევიზიო არხებზე ადევნებს თვალყურს.

„ეროვნულ დემოკრატიულმა ინსტიტუტმა“ კვლევის საველე სამუშაოები 8 ივნისიდან – 6 ივლისის პერიოდში ჩაატარა. საქართველოს მასშტაბით, შემთხვევითი შერჩევის საფუძველზე 4,113 რესპონდენტი გამოიკითხა.

 

კომენტარები

დატოვე კომენტარი