სოფელ კახათში მგლებმა ათამდე თხა დაგლიჯეს

ზუგდიდის რაიონის სოფელ კახათის მოსახლეობა დახმარებას ითხოვს. ადგილობრივების თქმით, მათ სოფელს მგლები შეესია, რომელთაც მსხვილფეხა და წვრილფეხა საქონელი დაგლიჯეს. ბოლო მსგავსი შემთხვევა წუხელ გვიან ღამით მოხდა,რა დროსაც მგლებმა რამდენიმე თხა დაგლიჯეს, ასევე დაშავდა ერთ-ერთი ადგილობრივის ძაღლიც.

კახათელები ხელისუფლებას შესაბამისი ზომების მიღებას სთხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, როგორც თავად ამბობენ, კანონის დარღვევა და მგლების დახოცვა თავად მოუწევთ.

ზუგდიდის გამგეობაში კი აცხადებენ, რომ პრობლემის მოსაგვარებლად ცენტრალური მთავრობისგან შესაბამის ნებართვას ელოდებიან.

“ჩვენ მთავრობისთვის მიწერილი გვაქვს შესაბამისი წერილი, რათა მოგვცეს უფლება მგლების ლიკვიდირების. გარემოს დაცვის ინსპექციის შესაბამისი ნებართვის წერილის შემდეგ, რომელშიც რიცხობრივად იქნება მითითებული, რა რაოდენობის მგლის ლიკვიდაციის უფლება გვაქვს, მონადირეებს განვუახლებთ ხელშეკრულებას და სწორედ მიეცემათ უფლება ამ მტაცებლის განადგურების. კონკრეტულად კახათს რაც ეხება, არავის მოუმართავს, თუმცა თავისთავად, შესაბამისი მომართვის შემდეგ, მათ პრობლემასაც მოვაგვარებთ”, – აღნიშნავენ უწყების პრესსამსახურში.

კომენტარები

დატოვე კომენტარი