„ხანდაზმულებზე მზრუნველი მობილური ჯგუფი“- ზუგდიდის გამგეობის ახალი პროექტი

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობა ახალი პროექტის „ხანდაზმულებზე მზრუნველი მობილური ჯგუფის“ განხორციელებას იწყებს.

გამგეობის ინფორმაციით, პროექტი ითვალისწინებს ინოვაციური სერვისის დანერგვას მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, რომელიც გათვლილი იქნება 30 ბენეფიციარზე. ჩამოყალიბდება მობილური ჯგუფი, რომელიც დაკომპლექტდება სამედიცინო მუშაკით, დამლაგებლით, მძღოლითა და ახალგაზრდა მოხალისეების ჩართულობით. მობილური ჯგუფის წევრები წინასწარ შერჩეულ მარტოხელა ხანდაზმულ ბენეფიციარებს ადგილზე მისვლით მოუწესრიგებენ საცხოვრებელ გარემოს, კარ-მიდამოს, იზრუნებენ მათ ჯანმრთელობასა და ჰიგიენური ნორმების დაცვაზე.

გამგეობის ცნობით,სამიზნე ჯგუფს წარმოადგენს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები მოწყვლადი ჯგუფი – მარტოხელა ხანდაზმულები, რომელთაც არ აქვთ ფიზიკური და ეკონომიური საშუალება მოიწესრიგონ თავიანთი საცხოვრებელი გარემო-პირობები.

ამ ეტაპზე მიმდინარეობს ბენეფიციართა საჭიროებების კვლევა, რომელსაც ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის სოციალური დაცვის სამსახური ახორციელებს, არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანი გაჭირვებაში“ წარმომადგენელთან ერთად.პროექტი დაფინანსბულია ევროკავშირის მიერ და მისი ხანგძლივობა არის 7 თვე.

 

კომენტარები

დატოვე კომენტარი