ზუგდიდი-ანაკლიის გზის რეაბილიტაცია დაიწყო

შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ანაკლიის არსებული საავტომობილო გზის 3.4 კმ-იანი (კმ3.5 – კმ7) მონაკვეთის რეაბილიტაცია დაიწყო.

საავტომობილო გზების დეპარყტამენტის ცნობით, სარეაბილიტაციო​ გზა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ მჭიდროდ დასახლებულ, სოფელ ინგირის ტერიტორიაზე გადის.

აღნიშნულ მონაკვეთზე არსებული ასფალტ-ბეტონის საფარი დაზიანებულია, სავალი ნაწილი კი დეფორმირებული, რაც ტრანსპორტის გადაადგილებას აფერხებს, განსაკუთრებით წვიმიან ამინდში.

პროექტის შესაბამისად, სრულად მოწესრიგდება საგზაო ინფრასტრუქტურა. 3.4 კმ-იან მონაკვეთზე დაიგება ასფალტ-ბეტონის საფარი, მოეწყობა სანიაღვრე არხები, რკინა-ბეტონის კიუვეტები და მილები. ასევე გათვალისწინებულია მიერთებების, ადგილობრივი შესასვლელების, მოსახლეობის ეზოებში შესასვლელებისა და ქვეითად მოსიარულეთათვის სავალი ბილიკების მოწყობა.

მოძრაობის ორგანიზაციისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად მოეწყობა საგზაო ნიშნები და მოინიშნება გზის სავალი ნაწილი.

შესაბამის ადგილებზე მოეწყობა ავტობუსის გასაჩერებელი მოედნები და მგზავრების მოსაცდელები.

სამუშაოები სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 6 044 999 ლარია. პროექტის დასრულება 2021 წლის ივნისშია დაგეგმილი.

კომენტარები

დატოვე კომენტარი