ზუგდიდის გამგეობა გენდერის მედიაცენტრის განცხადებას ეხმაურება

ზუგდიდის გენდერის მედიაცენტრის დღევანდელ განცხადებას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობა ეხმაურება.
გენდერის მედიაცენტრმა დღევანდელ განცხადებაში აღნიშნა, რომ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტის პროექტში, რომლის სოციალური ნაწილის განხილვაც დღეს იგეგმებოდა და გადაიდო, ძალადობის მსხვერპლი ქალებისთვის ფინანსური დახმარების გაზრდის თაობაზე ორგანიზაციის ინიციატივა ასახული არ იყო, ასევე მარტოხელა დედებისთვის 300 ლარიანი ყოველწლიური ფინანსური მხარდაჭერის პაკეტი, რომელიც გასულ წელს ასევე ჩვენი ორგანიზციის ინიციატივით დაინიშნა, შემცირებული იყო 200 ლარამდე – იმ ნიშნულამდე, რომელიც მოქმედებდა 2015 წლის ჩათვლით.
ორივე საკითხთან დაკავშირებით გენდერის მედიაცენტრს გამგეობის კულტურის, ძეგლთა დაცვის, განათლების, სპორტის, ახალგაზრდულ საქმეთა და სოციალური სამსახურის უფროსი მაია ჩიტაია დაუკავშირდა, რომელმაც აღნიშნა, რომ “ჟურნალისტთა ქსელის გენდერული თანასწორობისთვის” მიერ 2016 წლის 9 ნოემბერს უწყებაში შეტანილი ინიციატივა მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტში ასახულია, ასევე მარტოხელა დედებისთვის ფინანსური დახმარების პაკეტი არ შემცირებულა და დღეს განსახილველად წარმოდგენილ პროექტში ტექნიკური შეცდომა გაიპარა.
“რაც შეეხება მარტოხელა დედებს, მე ხელთ მაქვს ბიუჯეტის პროექტი, სადაც გვიწერია, რომ მათი დახმარების პაკეტი კვლავ 300 ლარით განისაზღვრება. ახალ ინიციატივასთან დაკავსირებით კი მოგახსენებთ, რომ პროექტში 500 ლარი იმ გარემოების გამო ეწერა, რომ ახალ გამგებელთან ამ საკითხზე კონსულტაცია არ გვქონდა გავლილი, გავიარეთ კონსულტაცია და პროექტში ოჯახური ძალადობის მსხვერპლთა დახმარების პაკეტი 800 ლარამდე გავზარდეთ, ასე რომ თქვენი ორგანიზაციის ინიციატივა გათვალისწინებულია 2017 წლის ბიუჯეტის პროექტში”, – აღნიშნა მედიაცენტრის დირექტორთან საუბრისას მაია ჩიტაიამ.

კომენტარები

დატოვე კომენტარი