ზუგდიდში 2019 წელს გზების რეაბილიტაციისთვის 36 მილიონი ლარი დაიხარჯება

ზუგდიდში წყალმომარაგებისა და წყალარინების პროექტების განხორციელების შედეგად დაზიანებული გზების აღდგენა იწყება. საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაციისთვის გამოყოფილია 36 მილიონ ლარზე მეტი. ინფორმაციას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მერიის ინფორმაციითვე, მოხდება ქალაქის 10 ცენტრალური ქუჩის სრული რეაბილიტაცია.

“გზებთან ერთად, მოხდება სანიაღვრეების, ტროტუარების და სხვა საგზაო ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობა. სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება კონსტანტინე გამსახურდიას, თამარ მეფის, თაბუკაშვილის, ჯანაშიას, ხელაიას, ზვიად გამსახურდიას, ლაზის, ჩიქობავას, ბარამიას და ქობულეთის ქუჩებს.

სოფლებში მოხდება 16 გზის რეაბილიტაცია. ამასთან სრული რეაბილიტაცია უტარდება რუხი-რიყე ტყაიას 10 კილომეტრიან გზას, რითაც გადაიჭრება მრავალწლიანი პრობლემა.

გზების რეაბილიტაცია მოხდება შემდეგ სოფლებში: ჩხოუში, ზედაეწერში, რუხში (საავადმყოფოსკენ მიმავალი გზა და ზაურ თოდუას ქუჩა), ჭკადუაშში, გრიგოლიშში, ჭითაწყარში, ბაღმარანში, აბასთუმანში, ნარაზენში (შამადელას დამაკავშირებელი გზა, საბეჭვაიოს უნბნის გზა), ოქტომბერში (დევნილთა ჩასახლებიდან ანაკლიის ცენტრალურ გზამდე), ოფაჩხაფუში (ნარაზენთან დამაკავშირებელი გზა, ახალსოფელთან დამაკავშირებელი გზა)”, – აცხადებენ მერიაში.

კომენტარები

დატოვე კომენტარი