ზუგდიდში მცხოვრებ მოქალაქეებს წინა ხელისუფლების დროს ჩამორთმეული ქონება დაუბრუნდებათ

საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის მორიგი შემაჯამებელი გადაწყვეტილების შედეგად, 3 დაზარალებულს დაუბრუნდება ზუგდიდის რაიონში მდებარე უკანონოდ ჩამორთმეული მიწის ნაკვეთები.

უწყების ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ “2009-2010 წლებში საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო ანაკლიის პორტის მშენებლობის დაწყების მიზნით მოლაპარაკებას აწარმოებდა ერთ-ერთ კერძო კომპანიასთან, რომელსაც უნდა გამოყოფოდა ანაკლიასა და მის მიმდებარედ პორტის მშენებლობისთვის საჭირო მიწის ფართობი. მიწის ნაკვეთის გამოყოფასა და ინვესტორისთვის გადაცემას კი ხელს უშლიდა ის გარემოება, რომ ხსენებულ ტერიტორიაზე არსებული მიწის ფართობის გარკვეული ნაწილი ადგილობრივი მოსახლეობის საკუთრებად ირიცხებოდა, რომლებიც საკუთრების დათმობის სანაცვლოდ შესაბამის კომპენსაციას მოითხოვდნენ. პროცესის გამარტივების და მოსახლეობისთვის კომპენსაციის გადაცემისგან თავის არიდების მიზნით, იმჟამინდელი ხელისუფლების ცალკეული მაღალი თანამდებობის პირების გადაწყვეტილებით, ეკონომიკური განვითარების სამინისტროს შესაბამისმა სტრუქტურულმა დანაყოფმა საკუთრების უფლების უხეში დარღვევით, მესაკუთრეთა ნების საწინააღმდეგოდ და მათგან ფარულად, საჯარო რეესტრში ყალბი საკადასტრო ნახაზი გადააგზავნა. აღნიშნულის საფუძველზე 2000 ჰა-ზე მეტი ფართობის მიწის ნაკვეთი სახელმწიფო საკუთრებაში დარეგისტრირდა, რომელთა შორისაც აღმოჩნდა ადგილობრივი მოსახლეობის მიწის ნაკვეთებიც, ისე რომ მათ რაიმე სახის კომპენსაცია არ მიუღიათ, რითაც უხეშად დაირღვა მათი საკუთრების უფლება”.

“დეპარტამენტის შემაჯამებელი გადაწყვეტილების საფუძველზე, ზუგდიდის რაიონის სოფ. დარჩელში მდებარე  6000 კვ.მ. მიწის ნაკვეთი თამაზ ქობალიას, 5316 კვ.მ ზაურ შაყლანძეს, ხოლო  ზუგდიდის რაიონის სოფელ ცაიშში მდებარე 5456,36 კვ.მ მიწის ნაკვეთი ენვერ მოლაშხიას დაუბრუნდება. რაც შეეხება ქონების უკანონოდ ჩამორთმევაში მხილებულ ყოფილ საჯარო მოხელეებს, გამოძიებასთან თანამშრომლობის ხარისხის გათვალისწინებით, პროკურატურა გამოძიების დასრულების შემდეგ მათ მიმართ დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენების მიზანშეწონილობის საკითხზე იმსჯელებს”, – აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში.

უწყების განმარტებით, პროკურატურა აგრძელებს აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიებას და დანაშაულებრივი სქემით ჩამორთმეული მიწის ნაკვეთები ასევე დაუბრუნდებათ სხვა დაზარალებულ მოქალაქეებსაც, რაზეც საზოგადოებას უახლოეს მომავალში ეცნობება.

კომენტარები

დატოვე კომენტარი