ზუგდიდში შიდსთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით სამოქალაქო აქცია გაიმართა

1 დეკემბერს შიდსთან ბრძოლის საერთაშორისო დღე აღინიშნება. ამ დღესთან დაკავშირებით, სამედიცინო კორპორაცია „პრაიმედმა“ ზუგდიდის მერიის სხდომათა დარბაზში, კონფერენცია გამართა, რომელიც შიდსთან ბრძოლის თემატიკას მიეძღვნა.

სამედიცინო კორპორაცია „პრაიმედის“ ორგანიზებით მოწყობილ კონფერენციას ადგილობრივი ხელისუფლების, მედიის, სამედიცინო სფეროს, არსამთავრობო სექტორის წარმომადგენლები და ახალგაზრდები ესწრებოდნენ.

,,დღეს მსოფლიო უკვე 29-ჯერ აღნიშნავს შიდსთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს. 3 ათეული წლის მანძილზე ამ დაავადების წინააღმდეგ ბრძოლაში გლობალური ძალისხმევის მიუხედავად შიდსის პრობლემა თავის აქტუალობას არ კარგავს.ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას ეს თემა მწვავედ შეეხო, რასაც შესაბამისი სტატისტიკა ადასტურებს. მუნიციპალიტეტის თვითმმართველობა მიესალმება საპილოტე სკრინინგული პროგრამის დაწყებას და მიმართავს თავის ძალისხმევას მისი აქტიური მხარდაჭერისთვის. მზად ვართ მოვისმინოთ ყველა ის ხედვა და შეფასება, რომელიც ამ დაავადებასთან ბრძოლის სწორი სტრატეგიული გზის არჩევაში დაგვეხმარება”-აღნიშნა კონფერენციაზე ზუგდიდის მერმა, ლაშა გოგიამ.

კონფერენციის დაწყებამდე ქალაქის ქუჩებში მოეწყო სამოქალაქო აქცია „მე შიდსი მაქვს, ჩამეხუტე“. მოხალისეებმა ზუგდიდის ქუჩებში საინფორმაციო ბუკლეტები და ფლაერები დაარიგეს, რომელიც საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლებას ემსახურება.

ზუგდიდის მერიის ჰოლში მოეწყო ტესტირება აივ ინფექცია/შიდსზე და С ჰეპატიტზე, რომელიც ზუგდიდის ინფექციურმა საავადმყოფომ უზრუნველყო. ტესტირება მოქალაქეებთან ერთად ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა ლაშა გოგიამ და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებმაც ჩაიტარეს.

ცნობისათვის, პირველი დეკემბერი შიდსთან ბრძოლის დღედ, გაერომ 1988 წელს დააწესა.

კომენტარები

დატოვე კომენტარი