ინგირის აეროპორტის მშენებლობაზე ინტერესთა გამოხატვა გამოცხადდა

ზუგდიდში აეროპორტის მშენებლობა-რეაბილიტაციისა და ოპერირების თაობაზე ინტერესთა გამოხატვა გამოცხადდა.

როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს “საქართველოს აეროპორტების გაერთიანების” მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, კომპანია დაინტერესებულია ქალაქ ზუგდიდში (სოფელი ინგირი) მის კუთვნილ უძრავ ქონებაზე განხორციელდეს აეროპორტის მშენებლობა-რეაბილიტაცია და მისი შემდგომი ოპერირება.

“აღნიშნული მიზნით, ყველა პირობის შეთანხმების შემთხვევაში, გამოვთქვამთ სურვილს იჯარისა და აღნაგობის უფლებით გადავცეთ დაინტერესებულ კომპანიას შესაბამისი უძრავი ქონება და გავუფორმოთ აეროპორტის ოპერირების ხელშეკრულება. აღნიშნულიდან გამომდინარე, შპს “საქართველოს აერპორტების გაერთიანება” იწვევს ყველა დაინტერესებულ კომპანიას, გამოხატონ ინტერესი ქალაქ ზუგდიდში, გადასაცემ უძრავ ქონებაზე ადგილობრივი აეროპორტის მშენებლობა-რეაბილიტაციასა და შემდგომ ოპერირებაზე, წინამდებარე ინტერესთა გამოხატვის პირობების შესაბამისად. წინადადებების წარმოდგენის ბოლო ვადაა არაუგვიანეს 2016 წლის 21 ივნისის 18:00 საათისა. წინადადებები წარმოდგენილ უნდა იყოს შემდეგ მისამართზე: საქართველო, ქ. თბილისი, ისანი-სამგორის რაიონი, აეროპორტი, (აეროპორტის დასახლება); აღნიშნული მისამართის ნაცვლად, შესაძლებელია წინადადებების წარმოდგენა განხორციელდეს შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: business@airports.ge”, – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

დატოვე კომენტარი